ეკლესიები თბილისში, რომლებიც საცხოვრებელ სახლებად გადაკეთდა და ხალხი ახლაც ცხოვრობს

თბილისის რამდენიმე უბანში არის ეკლესიები, რომლებიც ერთ დროს საცხოვრებელ სახლებად გადაკეთდა და ხალხი ახლაც ცხოვრობს. ამ საკითხზე Ambebi.ge დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს ესაუბრა:

- კი, ნამდვილად არის რამდენიმე ეკლესია, რომელიც ახლა საცხოვრებელ სახლებად არის გადაკეთებული. ერთ-ერთია გიორგი ახვლედიანის ქუჩის დასაწყისში, ყოფილი პეროვსკაიას ქუჩის ასახვევში. მანდ იყო ევსტათი მცხეთელის სახელობის ეკლესია და ის დღემდე საცხოვრებელ სახლად არის გადაკეთებული. ერთია ჩუღურეთში ბუხაიძის ქუჩაზე, კვირაცხოვლის მონასტერი. საცხვრებელ სახლდ არის გადაკეთებული კრწანისში წინანაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც, ედუარდ შევარდნაძის რეზიდენცია რომ იყო, იმის პარალელურ ქუჩაზეა ის შენობა. კოლმეურნეობის მოდანზე სამრეკლო სათავსოდ არის გადაკეთებული. ავლაბარში მიხეილ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, მეტროსთან დიდი კორპუსი რომ არის, ამ კორპუსის უკან ადის მთავარანგელოზის სახელობის ქუჩა. ქუჩის ბოლოში აგურის შენობა დგას, რომელშიც დღემდე ხალხი ცხოვრობს.

- ქართულის გარდა, სხვა ეკლესიებიც ხომ არ არის გადაკეთებული?

- ასეთია მაგალითად სომხური ეკლესიები. ერთ-ერთია სუფსარქის სახელობის ეკლესია გრიშაშვილის ქუჩაზე, მეორე არის სარაჯიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩის კუთხესთან, უკრაინელი წმინდანის სახელზე აგებული რუსული ეკლესია, მაგ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები ცხოვრობდნენ.

- რა პერიოდში გადაკეთდა ეკლესიები საცხოვრებელ სახლებად?

- ბოლშევიკების დროს, 20-30-იან წლებში. მაგალითად, ევსტათი მცხეთელი სახელობის ეკლესია 1923 წელს გადაკეთდა, ჩუღურეთის კვირაცხოველი მოგვიანებით, 40-იან წლებში, ომის დროს უკრაინიდან და ბელორუსიდან როცა ქარხნების ევაკუაცია დაიწყეს, ერთ-ერთი ქარხანა იარაღის სახელოსნო იყო და ამ იარაღის სახელოსნოს მუშები ეკლესიაში შეასახლეს.

- ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის?

- ჩემთვის ცოტა გაუგებარია ამდენი ახალი ეკლესია როცა შენდება, მით უმეტეს ვაკესა და საბურთალოზე. თბილისში ხუთი უძველესი ეკლესიაა, სადაც ხალხი ცხოვრობს, ჩუღურეთის კვირაცხოვლობის მეთორმეტე საუკუნის მონასტერია, სამღვდელო პირებს რატომ არ ახსენდებათ, რომ პირველ რიგში ეს არის აღსადგენი და არა ახალი სინკარებით ასაშენებელი ეკლესიები. კარგი იქნებოდა საპატრიარქოში ეს საკითხი ცოტა მკაცრად დაისვას, მართლა მეჩვენება რომ ყველა მღვდელმსახური ვაკეს და საბურთალოს ეტანება. ხალხი საკურთხეველში ცხოვრობს და ეს საპატრიარქოში არ იციან? რატომ არ აქცევენ ყურადღებას? კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესიაში ხალხი პირდაპირ საკურთხეველში ცხოვრობს, ეს რატომ არ არის პრიორიტეტი და ახალი, არქიტექტურულად უსახური შენობები რატომ არის პრიორიტეტი, თან სულ ერთმანეთის გვერდიგვერდ რომ შენდება.

საკითხის გასარკვევად საპატრიარქოს მივმართეთ.

როგორც ჩვენთან საუბარში პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, საცხოვრებელ სახლებად გადაკეთებულ რამდენიმე ეკლესიას უკვე დაუბრუნდა პირვანდელი სახე და ფუნქცია, თუმცა მისი თქმით, შესაბამისი თანხების არ არსებობის გამო სახელმწიფოს მოსახლეობა სხვაგან ჯერ ვერ გადაჰყავს.

"ეს ჩვენი ქვეყნის ბედ-უკუღმართობის შედეგია, როდესაც 70-იან წლებში ბოლშევიკურმა რეჟიმმა საეკლესიო ბრძოლა გამოაცხადა და ეკლესიები გადააკეთა საყოფაცხოვრებო ან სხვა დაწესებულებად - საწყობად, ბიბლიოთეკად და ა.შ. ახალი ხელისუფლების პირობებში ამ ეკლესიების დაბრუნებას ვცდილობდით, მაგრამ გვესმის ის რეალობა, რომელიც ქვეყანაშია. იქ ათობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც საცხოვრებელი სახლი სჭირდებათ. ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს და ეტაპობრივად მოლაპარაკებებსაც ვცდილობთ. წინა წლებში რამდენიმე ასეთი შენობა ეკლესიას დაუბრუნდა, მაგრამ არის ყოფილი ტაძრები, სადაც ამის განხორციელება ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ სამომავლოდ ეს საკითხი გადაწყდება", - ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი.

მისი თქმით, უკეთეს მდგომარეობაში არც საცხოვრებელ სახლებად გადაკეთებულ ეკლესიებში მცხოვრები მოსახლეობაა. "ეს ამბავი ამ ხალხისთვისაც ტრაგედიაა. პირადად შევხვედრილვარ მათ, მაგალითად, კრწანისში სამთავრობო რეზიდენციების უკან არსებულ მონასტერში მცხოვრებლებს ვესაუბრე. ამ ამბავს ისინი გულისტკივილით განიცდიან. უნდათ, რომ ხელისუფლებამ სხვა საცხოვრებელი მისცეს, მაგრამ რადგანაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება და ასეთი საკითხები ეტაპობრივად წყდება, ველოდებით სამომავლო გადაწყვეტილებას.  კრწანისში ეკლესიას გარედან აქვს უხეში მიშენებები და შიდა ინტერიერი საცხოვრებელ სახლად არის დანაწევრებული. იქაური მოსახლეობა ამას ძალიან განიცდის, მაგრამ ამ ეტაპზე ეტყობა ქუჩაში დარჩენის ეშინიათ და ამ რეალობას სამწუხაროდ ეგუებიან.

ასეთი სახლები, სადაც ძველად ეკლესია იყო, სულ რამდენიმეღაა. ამ ეკლესიებს პირვანდელი სახე ეტაპობრივად უბრუნდება. მაგალითად, გადასასვლელ ხიდთან აბანოდ გადაკეთებული ეკლესია იყო, რომელიც შემდგომ უზარმაზარ ეკლესიად მოგვევლინა, ის იკურთხა და თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნდა", - ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE