მოლდოვა ცხოვრების დონით ევროკავშირს 30 წელში მიუახლოვდება - მსოფლიო ბანკი

მოლდოვა ევროკავშირის შემოსავლების საშუალო დონეს სამი ათწლეულის განმავლობაში მიაღწევს, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში მისი წლიური ეკონომიკური ზრდა 5%-ს გადააჭარბებს.

ამის შესახებ მოლდოვის შესახებ მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ მემორანდუმში წერია, სახელწოდებით, „ევროკავშირის ცხოვრების დონის მიღწევა ერთ თაობაში“.

ანგარიშში წერია, რომ „მოლდოვის წინაშე ისეთი გამოწვევები დგას, როგორიც არის დაბალი პროდუქტიულობა არასასოფლო-სამეურნეო სექტორებში, კლებად ფულად გზავნილებზე გადაჭარბებული დამოკიდებულება და დემოგრაფიული ცვლილებები, რომლებიც მოსახლეობის შემცირებითა და დაბერებით ხასიათდება“.

მსოფლიო ბანკის საბაზისო პროგნოზით, რეფორმების არარსებობის შემთხვევაში, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის წილის შემცირების გამო მოლდოვის წლიური ეკონომიკური ზრდა 2040 წლის შემდეგ 3%-ზე დაბლა დაეცემა და 2051-2070 წლებში, საშუალოდ, 2.3%-ს შეადგენს.

„თუმცა სტრუქტურული რეფორმებით საშუალოვადიან პერსპექტივაში საერთო ზრდა 5%-ს გადააჭარბებს, რაც ევროკავშირის ქვეყნებთან დაახლოებისთვის აუცილებელია,” - წერია მემორანდუმში.

საკვანძო რეფორმებს შორის მსოფლიო ბანკი მოლდოვას სთავაზობს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ინვესტიციები ხარისხიან განათლებასა და სხვა სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის, რაც ეკონომიკაში კვალიფიციური კადრების დეფიციტის შევსებასა და გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის სტიმულირებას ხელს შეუწყობს.

ცნობისთვის, 1992 წლიდან მსოფლიო ბანკმა მოლდოვაში 70-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად 2.1 მლრდ დოლარზე მეტი გამოყო. ეს პროექტები მოიცავს მარეგულირებელი სისტემის რეფორმიერებასა და ბიზნესის განვითარებას, საჯარო სერვისების მოდერნიზაციას, საგადასახადო ადმინისტრირებას, განათლებასა და გზების მშენებლობას, ასევე, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, წყალმომარაგების, სანიტარულ და ენერგეტიკის სფეროებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ