ოლიგარქის ბედნიერების ფორმულა

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკისა და შესაბამისად, მისი მოსახლეობის პრაქტიკულად ყველა ფენის საყოველთაო დაზარალების ფონზეც კი გამოჩნდა ადამიანი, ვინც არა თუ საკუთარი უზარმაზარი კაპიტალის შენარჩუნებას, მის გაზრდასაც კი თითქმის ძველებურად ახერხებს. მას რომან აბრამოვიჩი ჰქვია და 12,7-მილიარდიანი ქონებით, რუსი ოლიგარქების პირველ ხუთეულში საკმაოდ მყარადაც არის მოკალათებული.

ინგლისური საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მეპატრონე, ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორი, ნავთობისა და მრავალი სხვა კომპანიის მფლობელი აბრამოვიჩი ძირითადად ბრიტანეთში ცხოვრობს. თუმცა, იქაური მაღალი საზოგადოების წესებს დიდად როდი დაგიდევთ და საპარადო სმოკინგს მხოლოდ "დიდ დღესასწაულებზე" თუ იცვამს. სამაგიეროდ, გახეხილ ჯინსსა სვიტერს ვერაფრით ელევა, მისი ოდნავ წამოზრდილი და გაბურძგნილი წვერი კი უკვე ისეთივე ბრენდადაა ქცეული, როგორადაც, მაგალითად, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის განუყრელი კეპი ითვლებოდა. აბრამოვიჩის გარეგნობის შემხედვარე ზოგიერთი ბრიტანელი ჟურნალისტი იმასაც კი წერს, რომ მილიარდერი ზოგჯერ ძალიან უიღბლო ობოლს მოგაგონებთო. ისე, აბრამოვიჩი მართლა ობოლია, რაც, საქმეში ჩახედულთა მტკიცებით, მის წარსულზე (კარჩაკეტილი ცხოვრებით გამორჩეული მილიარდერის ბიოგრაფიაში ძალიან ბევრი თეთრი ან იქნებ, სულაც შავი ლაქაა) დანამდვილებით ცნობილი ლამის ერთადერთი ფაქტიც კია.

ასეა თუ ისე, რომან აბრამოვიჩი დაბადებით ნამდვილად დაიბადა და ეს, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 1966 წლის 24 ოქტომბერს, ქალაქ სარატოვში მოხდა. დედა მუსიკოსი ჰყავდა, მამა კი ერთ-ერთი სამშენებლო სამმართველოს მომმარაგებლად მუშაობდა, თუმცა 4 წლის ასაკში უკვე ორივე დაკარგა. ერთ-ერთი ვერსიით, ცოლ-ქმარს ტრაქტორი გადაუბრუნდა და ერთად დაიღუპნენ, მეორე ცნობით კი პატარა რომანს ჯერ არალეგალური აბორტის გამო სისხლის მოწამვლით დედა გარდაეცვალა, წელიწად-ნახევრის შემდეგ კი ავტოავარიამ უკვე მამამისი იმსხვერპლა. დაობლებულ პატარას ერთხანს კომის რესპუბლიკაში მცხოვრები ბიძა (მამის ძმა) ზრდიდა, მოგვიანებით კი ბებიასთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვის ცენტრში, ერთოთახიან ბინაში გადავიდა. კარჩაკეტილად მცხოვრები ბებია და შვილიშვილი მეზობლებთან თითქმის არ ურთიერთობდნენ, სტუმრად კი მათთან ერთადერთი ადამიანი - რომანის სათანადო სწავლა-აღზრდით ზედმიწევნით დაინტერესებული კიდევ ერთი ბიძა, აბრამი თუ დაიარებოდა. ისე, აბრამს სადარდებელი ბევრი არაფერი უნდა ჰქონოდა, რადგან მართალია, მისი ძმისშვილი მშობლიური სკოლის სიამაყე არასდროს ყოფილა, მაგრამ უქნარობასა და დოყლაპიობასაც ვერავინ დასწამებდა. მეტიც, გარეგნულად თითქოსდა, ზედმიწევნით მშვიდ და გაწონასწორებულ ყმაწვილს სულში არცთუ სახუმარო ვნებები უდუღდა და იმასაც ხშირ-ხშირად იმეორებდა, რომ მალე ძალიან მდიდარი და ცნობილი ადამიანი გავხდებიო. თუ ამის გამგონე რომელიმე თანაკლასელს სახეზე დამცინავ ღიმილს შეამჩნევდა, თავისი სიტყვების სისწორეში უკვე ლამის გულზე მჯიღის ცემითაც კი არწმუნებდა, რასაც უკვე საერთო ხარხარი მოსდევდა.

იხილეთ გაგრძელება