პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში 90 ახალი პროექტი დაიწყო

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში 90 ახალი პროექტი დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მათი მიახლოებითი საინვესტიციო მოცულობა ჯამში 252 მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკების მიერ კერძო სექტორისთვის გაიცა 122 მილიონ ლარამდე სესხები. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, სულ პროგრამის ფარგლებში 5 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთაგანაც უწყების განმარტებით, 3 900-მდე იქნება პირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა.

"პროგრამის ფარგლებში პროექტზე გაცემული სესხის საშუალო მოცულობა არის 2,2 მილიონი ლარი, ინდუსტრიული მიმართულებით დომინირებს სამშენებლო მასალები (23%), ლითონები (20%) და მუყაო და შესაფუთი მასალები (18%). ასევე ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პროექტების სტრუქტურაში წარმოდგენილია ისეთი მაღალტექნოლოგიური სფეროები, როგორიც არის ქიმიური ინდუსტრია, ფარმაცევტიკა, ელექტრომოწყობილობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი აღსანიშნავია მაღალტექნოლოგიური ფერმის მიმართულება (24%), მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა (27%), თევზის გადამუშავება (26%), ასევე პროექტების სტრუქტურაში წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური მეფრინველეობის ფერმა (6%)", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" იმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.