საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე 16 დეკემბერს, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება ევროკავშირის რეაგირება საქართველოსთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი, ასევე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.
„საქართველოს საკითხი რამდენჯერმე განიხილეს ბოლო დროს. საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე 16 დეკემბერს. ვფიქრობ, მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ შეხვედრის შემდეგ. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ეს არის ის, რასაც ბევრი თვეა ვამბობთ და ეს ვარიანტები ასევე მოიცავს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობას, მაგრამ ამას განიხილავს და გადაწყვეტს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო“, - აღნიშნა ელჩმა.