საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა შემცირდა - „საქსტატი“

2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 458 600-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 759 400 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 3.8 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 0.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 859.6 ათასით განისაზღვრა, რაც 4.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2024 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების 35.4 პროცენტი 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 57.5 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.3 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 14.4 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 10.2 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2024 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (47.4 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 360.9 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 327.0 ათასი ვიზიტი თვეში).

2024 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 411 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 12.2 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 12.7 პროცენტით და 233.6 ლარს გაუტოლდა,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.