სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, სხვა მოლოდინი მქონდა - შესაძლოა, სავალუტო კრიზისიც კი შეიქმნას - თამაზ დაუშვილი

„ფაქტია, რომ არის კონფრონტაცია, რომელიც იზრდება, ეს არავისთვის არის ხელსაყრელი. ამით შეიძლება ისარგებლოს მხოლოდ ქვეყნის მტერმა რუსეთმა,“ - ამის შესახებ კომპანია „დიოს“ დირექტორმა თამაზ დაუშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვითარება კიდევ უფრო გართულდა, რაც თავის შედეგს გამოიღებს როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერიოდში.

მეტიც, როგორც თამაზ დაუშვილმა აღნიშნა, შესაძლოა, სავალუტო კრიზისიც კი შეიქმნას.

„სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა და ეს არ არის კარგი. განსაკუთრებით ევროპელი ინვესტორებისთვის. სხვა მოლოდინი მქონდა, ვფიქრობდი, რომ რაღაც ფორმით ურთიერთობების ნორმალიზება მოხდებოდა ევროკავშირთან და აშშ-ისთან, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რაც ახლა ხდება. ეს ბუნებრივია, თავის შედეგს გამოიღებს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერიოდში.

როდესაც ასე იცვლება ქვეყნის მთავრობის პოზიცია ევროკავშირთან მიმართებით, ეს ცალსახად შეამცირებს უცხოური ინვესტიციების მოცულობას. ზოგადად ქვეყნის მიმართ დაინტერესება შემცირდება. შესაძლოა, სავალუტო კრიზისიც კი შეიქმნას, ვგულისხმობ ლარის დევალვაციას და ა.შ. ასე რომ, საჭიროა უფრო მეტის სერიოზულობით შევხედოთ საკითხს. ეს ეხება მათ, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, რათა ქვეყანა უფრო რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს.

პირველ რიგში საჭიროა შიდა პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, დიალოგი, მხარეებს შორის. ფაქტია, არის კონფრონტაცია, რომელიც იზრდება, ეს არავისთვის არის ხელსაყრელი, ამით შეიძლება ისარგებლოს მხოლოდ ქვეყნის მტერმა რუსეთმა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამოვნახოთ საუბრის საერთო ენა,“ - ამბობს თამაზ დაუშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც. იქამდე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწდებს ევროკომისიას, რომ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა პაპუაშვილს და კახა კალაძეს. ამასთან, დღეს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰელჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ. მისივე თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.

ნინი ქეთელაური