ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მიზანია ეტაპობრივად ჩაანაცვლონ იმპორტირებული საქონელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მიზანია ეტაპობრივად ჩაანაცვლონ იმპორტირებული საქონელი. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში", "აწარმოე საქართველოში" ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მე მქონდა საუბრები ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების არაერთ ლიდერთან, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და განვითარების პროგრამები. მათ ეს უკვე მრავალი წელია დანერგეს, ის წარმატებით მუშაობს და შედეგი აქვთ სახეზე, აქვთ ძლიერი სოფლის მეურნეობა და ძლიერი წარმოება. ჩვენთვის მთავარია ის, რომ ასეთი საწარმოების შექმნის დროს იქმნება სამუშაო ადგილები და ჩვენი მოქალაქეები საქმდებიან. ეს არის სწორედ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენი ხელისუფლების, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროგრამაში და მეტი ადამიანი დასაქმდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც პრაქტიკულად გამოუყენებელია. "ჩვენ გვაქვს უზერმაზარი პოტენციალი. ის დამკვიდრებული აზრი, რომ საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები და ა.შ, არის მცდარი. მე რამდენიმე თვის წინ დავიწყე რეგიონებში ვიზიტები. ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელსაც დავარქვით პირობითად "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის". რას ემსახურებოდა ეს იდეა – ჩემი დავალებით ეკონომიკურმა საბჭომ და პროფილურმა სამინისტროებმა დაამუშავეს თითოეული რეგიონი, რაიონის დონეზე ჩვენ შევისწავლეთ იქ არსებული პოტენციალი. ეს არის ადამიანური რესურსები, ეს არის ის ბუნებრივი რესურსები, რომელიც არსებობს საქართველოში და მე გარწმუნებთ, რომ ეს არის უნიკალური. ჩვენ მართლაც აღმოვაჩინეთ, რომ არის ძალიან ბევრი რესურსი, რომელიც პრაქტიკულად გამოუყენებელია", -აღნიშნა ღარიბაშვილმა.