Petrocas Energy Group ყველა მხარეს მოუწოდებს, დაელოდონ სასამართლო დავის დასრულებას

Petrocas Energy Group ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებებისგან და დაელოდონ სასამართლო დავის დასრულებას.

Petrocas Energy Group მოქალაქე თამაზ ნიჟარაძის და მისი ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც Petrocas Energy Group-ის აქტივებს, კერძოდ, ფოთის ნავთობტერმინალს შეეხება.

კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"1. სიმართლეს არ შეესაბამება იმის მტკიცება, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს აქვს რაიმე ინტერესი და აქტივები ჯგუფის კომპანიებში, რის თაობაზეც არაერთხელ იქნა ჩვენს მიერ გაცხადებული საჯაროდ და რაც დასტურდება სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებით.

2. ჩვენ ჯგუფში შემავალ კომპანია Channel Energy-ს (ფოთის ნავთობტერმინალის მფლობელი) და თამაზ ნიჟარაძეს შორის უკვე ორ წელზე მეტია თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა. აღნიშნული დავის არსებითი განხილვა დღემდე არ დაწყებულა, რაც გამოწვეულია ერთი მხრივ, თამაზ ნიჟარაძის მიერ პროცესის გაჭიანურების არაერთი მცდელობით და მეორე მხრივ, Channel Energy-ის მიმართ დაყენებული მოთხოვნის უსაფუძვლობით. ჯგუფის დავალებით არაერთმა საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიამ დიდი ხანია შეისწავლა ნიჟარაძის აბსურდული მოთხოვნები და დაადგინა მისი პრეტენზიების უსაფუძვლობა ჩვენი ჯგუფის კომპანიის მიმართ.

3. აღნიშნული განცხადებები წარმოადგენს უსუსურ მცდელობას, დააშანტაჟონ Petrocas Energy Group-ი და მოახდინონ ამ აქტივების ამჟამინდელი კეთილსინდისიერი მფლობელების დისკრედიტაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯგუფის წინააღმდეგ ნიჟარაძის წამოწყებული კამპანია მიზნად ისახავს გამოიყენოს მიმდინარე გამოძიება საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და სადავო საკითხებზე დისკუსიის სასამართლოს გარეთ გატანის გზით ზეგავლენა მოახდინოს სამოქალაქო დავაზე.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ყოვლად უსაფუძვლო განცხადებებისგან და დაელოდონ სასამართლო დავის დასრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ქმედებები ჩაითვლება სასამართლოზე ზეწოლად და ჩვენი კომპანიების ჯგუფის დისკრედიტაციის მცდელობად.

Petrocas Energy Group, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს საქართველოში, სადაც 2000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული და სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად 100 მილიონ ლარზე მეტს იხდის, იტოვებს უფლებას გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება ჯგუფის საქმიანი რეპუტაციის და ავტორიტეტის დაცვის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.