„გუშინდელი ღამის შემდეგ, მიმტანი ვერ გავა და სტუმრებს ვერ მოემსახურება“ - მერიკო გუბელაძე

„გუშინდელი ღამის შემდეგ, მიმტანი ვერ გავა და სტუმრებს ვერ მოემსახურება“ - ამის შესახებ რესტორნების „შავი ლომი", „ნინიას ბაღი", „კაფე ლეილა" და „კაკლების" მმართველმა და შეფმზარეულმა მერიკო გუბელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როგორ გაგრძელდება პროცესები და სადამდე ექნება რესტორნებს მუშაობა შეჩერებული.

„მე ჭკუას ვერ ვასწავლი სხვას. ზრდასრული ადამიანები ვართ და ყველამ თვითონ გადაწყვიტოს, მაგრამ პირადად მე, ჩემს „სტაფს“ და ჩემს პარტნიორებს, არ შეგვიძლია ახლა მუშაობა. ფიზიკურად და მორალურად, არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ყველა დანარჩენმა ბიზნესმა თავად დაგაწყვიტოს.

ვერ გავაკეთებ გრძელვადიან პროგნოზს და არ მაქვს გათვლები, სადამდე იქნება მუშაობა შეჩერებული. საქმე მარტივადაა. უბრალოდ, გუშინდელი ღამის შემდეგ, მიმტანი ვერ გავა და სტუმრებს ვერ მოემსახურება. რა იქნება მომავალში და როგორც წავა ქვეყანაში სიტუაცია, ამაზე ვერაფერს ვიტყვი“, - აღნიშნა მერიკო გუბელაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე 2028 წლამდე მთავრობის მიერ უარის თქმის ფონზე, ქვეყანაში განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების გამო, კვების რამდენიმე ობიექტმა მუშაობა შეაჩერა.

ნათია ზარიძე