„ევროპელი ინვესტორები ადგებიან და უკან წაიღებენ ინვესტიციებს, ისედაც ბოლო წვეთამდე იყვნენ მისული“, - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „არსის“ დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების შეახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, ევროკავშირზე პირდაპირ უარის თქმას ნიშნავს.
„მთავრობის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ძალიან ბევრი ჩემი გეგმა ყირაზე დადგა და რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს უარყოფითად ვაფასებ. კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია, რომ მთავრობამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ვერ დავეთანხმები ამას და ჩემთვის ეს ევროკავშირზე პირდაპირ უარის თქმაა. ეს სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ.
მე მყავს სერიოზული ევროპელი პარტნიორები, რომლებმაც ვერც გაიგეს, რა მოხდა. ცხადია, რომ ისინი აქ ინვესტირებულ თანხებს უკან წაიღებენ. ისედაც ბოლო წვეთამდე იყვნენ მისული. ევროკავშირის დროშა რომ დაწვეს საქართველოში და ხდებოდა ასეთი ფაქტები, ვამშვიდებდი მათ, მაგრამ ახლა პირდაპირ ითქვა, რომ უარს ამბობენ 2028 წლამდე მოლაპარაკების დაწყებაზე.
ევროპელი ინვესტორი აქ შემოსვლას რომ ფიქრობს, თავისი ქვეყნის საელჩოებში ეკონომიკურ ატაშეებს ეკითხება აზრს. ისინი მათ უგზავნიან ინფორმაციას, ეკონომიკურ ანალიზს და ა.შ. ახლა ნებისმიერი ინვესტორი რომ დარეკავს საელჩოში და ეტყვის მათ, საქართველოში მსურს ინვესტიცია განვახორციელოო, ისინი ჰკითხავენ, „ხომ ხარ სრულ ჭკუაზე?“-ო. ეტყვიან, რომ გვაქვს ასეთი პრობლემა, რომ ევროკავშირის მიმართ მთავრობას აგრესიული დამოკიდებულება აქვს“, - აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა.
როგორც ის ამბობს, ახლა შეუძლებელია იმის თქმა, რა მოელის ამის შემდეგ ბიზნესს და ქვეყანას.
„საერთოდ გაუგებარია ეს გადაწყვეტილება. ევროკავშირთან ინტეგრაციას სჭირდება დრო. ამ პროცესში კონკრეტული დავალებები უნდა შეასრულო. ეს იმას ჰგავს, ბავშვმა თქვას, რომ სკოლაში არ ივლის და სკოლის დასრულების შემდეგ ატესტატი მოითხოვოს. დაახლოებით ასეთი რამეა. მოლაპარაკებები ხომ ნიშნავს იმას, რომ ბევრ სფეროში მოცემული ინსტრუქციები უნდა შეასრულო, რომ ევროკავშირთან თავსებადი გახდეს შენი ქვეყანა. თუ 2028-ში დაიწყებ ამის გაკეთებას, მაგას კიდევ 5 წელი დასჭირდება.
არ ვიცი, წინ რა ელის ქვეყანას და ბიზნესს, ამის თქმა ახლა შეუძლებელია“, - აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა.