ფინანსური შეცდომები, რასაც უმრავლესობა ახლაც უშვებს - როგორ ვისწავლოთ ეფექტური ხარჯვა

ფულის მართვა არც ისე მარტივია. თუმცა, თუ რამდენიმე პრაქტიკულ ჩვევას ფლობთ, შესაძლოა, ეს პროცესი ბევრად ეფექტური და ნაკლებდანახარჯიანი გახდეს.

იმ ეპოქაში, როდესაც ფულის გამომუშავება სულ უფრო რთული ხდება, ხოლო დანახარჯები მატულობს, ხარჯების ეფექტურად განაწილება რთულდება. ძნელია დანაზოგის გაკეთებაც.

თუმცა, ფინანსური მრჩევლები გვთავაზობენ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლოა, თქვენი ანგარიშებიდან თანხა ბევრად ნაკლები სისწრაფით გაქრეს.

აი რა ფინანსურ შეცდომებს უშვებს უმრავლესობა დღესდღეობით:

ვანადგურებთ ჩვენი შვილებისთვის განკუთვნილ მემკვიდრეობას

მშობლების უმეტესობა ფიქრობს, რომ შვილს ქონებას, ან ფინანსურ სარგებელს მისი გარდაცვალების შემდეგ დაუტოვებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ეს ნაკლებად ეფექტური გადაწყვეტილებაა.

თუ თქვენ გაქვთ შვილებისთვის განკუთვნილი დანაზოგი და მას საგულდაგულოდ ინახავთ. ბევრად მომგებიანი იქნება, ამ თანხის ინვესტირება მაშინ მოახდინოთ თქვენი შვილის იდეაში, სანამ ახალგაზრდაა და უშრეტი ენერგიის წყალობით, შეუძლია ნულიდან ააგოს ბიზნესი.

ამან ნამდვილად შეიძლება მოახდინოს ცვლილება მათ ცხოვრებაში. თქვენ კი საკუთარი გამოცდილებით მიმართულებებს მისცემთ.

გახსოვდეთ, ფული არის ერთგვარი ცოცხალი რესურსი, რომელსაც სწორი მართვა უყვარს.

შემნახველი ანაბარი და საბანკო ოპერაციები ერთ ბანკში

როდესაც საქმე ეხება ფულის მართვას, ბევრი ჩვენგანი ყველაზე მოსახერხებელ მიდგომას იყენებს. მას ანგარიშები მხოლოდ ერთ ბანკში აქვს გახსნილი და არ ინტერესდება სხვა შეთავაზებებით.

მაგალითად, უმრავლესობას ერთ ბანკში აქვს შემნახველი ანგარიში, სახელფასო ანგარიში და ა.შ.

სინამდვილეში, შესაძლოა, ამ დროს თქვენ ბევრ მომგებიან შეთავაზებას კარგავთ. აუცილებლად გაეცანით სხვადასხვა ბანკის შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე და მოახდინეთ შემოსავლების დიფერენციაცია.

მაგალითად, შემნახველი ანგარიში გახსენით იქ, სადაც ყველაზე მაღალი საპროცენტო მოგება დაგერიცხებათ.

იმ ბანკის ბარათით განახორციელეთ შესყიდვები, რომელსაც მეტი დივიდენდები მოაქვს ქეშბექების, ან სხვა სასარგებლო პროდუქციის სახით.

ამ შემთხვევაში, ყველა ქვეყანაში სხვადასხვა პირობები მოქმედებს. ამიტომ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად შეისწავლეთ საკითხი. საქმე ხომ თქვენს ფინანსებს ეხება.

კომფორტის ზონიდან გასვლა

ბევრი ადამიანი მიჯაჭვულია ამა თუ იმ, კონკრეტულ ბანკს, მაღაზიას, ბენზინგასამართ სადგურს და ხშირად, გაუაზრებლად, მხოლოდ მიჩვევის გამო სარგებლობს მათი მომსახურებით.

მაგალითად, თუ თქვენ ავტომობილში საწვავს თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ბენზინგასამართ სადგურში ასხამთ, შესაძლოა, მარშრუტის მცირე გადახვევის შემთხვევაში, მისი ღირებულება ბევრად ნაკლები დაგიჯდეს.

ხშირ შემთხვევაში, თქვენ ფულს იხდით კომფორტში. ხანდახან საჭიროა, ამაზე უარის თქმა. კარგი იქნება, თუ გადახედავთ საფასო შემოთავაზებებს, შეადარებთ ერთმანეთს და ფინანსების დაზოგვა არ დაგეზარებათ.

დაჯერება იმისა, რომ მინიმალური საკმარისია

ბევრი ფიქრობს, რომ მინიმალური თანხის შეტანა საკმარისი იქნება პენსიაზე კომფორტულად ცხოვრებისთვის, მაგრამ რეალობა სხვაა.

თუ ცოტა მეტს გადადებთ ხოლმე დანაზოგისთვის, ნამდვილად არ ინანებთ.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი