არსებული ინფორმაციით, თანამდებობიდან აშშ-ში ელჩი დავით ზალკალიანიც გადადგა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანიც გადადგა.

ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის „რადიო თავისუფლება“ და ტელეკომპანია „ფორმულა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„რადიო თავისუფლებას ორი წყარო საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ერთი საქართველოს საელჩოდან შეერთებულ შტატებში უდასტურებს ინფორმაციას შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ“, - წერს „რადიო თავისუფლება“.

ზალკალიანის გადადგომა, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ფონსა და დიპლომატების თანამდებობიდან გადადგომებს უკავშირდება.

ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებს, მანამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში უძღვებოდა დიპლომატიურ უწყებას.