„საქართველოს ადგილი ევროკავშირის ეკონომიკურ-პოლიტიკურ გაერთიანებაშია“ - საჯარო რეესტრის 264 თანამშრომლის განცხადება

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 264 თანამშრომელი ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ამიჯნებიან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

განცხადების ხელმომწერები განმარტავენ, რომ აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

„სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც მრავალი წელი ვემსახურებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებას და ჩვენი ყოველდღიური შრომა მიმართულია უპირველესად, საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მივიჩნევთ, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმთავრესი მოვალეობა ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდით დგომაა.

ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მნიშვნელობას, ჩვენს ინდივიდუალურ თუ ერთობლივ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის აუცილებლობას, ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას, მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ერთგული ვრჩებით რა საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებისადმი, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მოვუწოდებთ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს შეწყვიტონ ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებთან და ვემიჯნებით ყველა იმ ქმედებასა თუ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება თავად საქართველოს კონსტიტუციასა და კონკრეტულად მის 78-ე მუხლს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ადგილი არის ჰუმანურ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა გვერდით. სწორედ იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომლებიც თავად ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა და ამდენად, არ არის მისთვის უცხო. მაშასადამე, მისი ღირსეული ადგილი სწორედ ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკურ გაერთიანებაშია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მერი ტაბატაძე