268-მდე გაიზარდა ეროვნული ბანკის თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირთან დაკავშირებულ მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.
შეგახსენებთ, სებ-ის თანამშრომლებმა პოზიცია გუშინ, 30 ნოემბერს გამოხატეს, განცხადებას გუშინ 187 თანამშრომელი აწერდა ხელს, დღეს კი რაოდენობა 80-ზე მეტით გაიზარდა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული საფინანსო სექტორის რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მდგრადი და სტაბილურად მზარდი საფინანსო სისტემა.
28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე, მოსახლეობა მე-4 დღეა აპროტესტებს.
პროტესტს უერთდება ბიზნესების ნაწილი, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა ნაწილიც.
ამასთანავე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა.