„ქვეითების ქცევა სერიოზულ საფრთხეს ქმნის, ავტობანზეც კი გვხვდებიან ხოლმე - პასუხისმგებლობა უმეტესად მძღოლებს ეკისრებათ“

„ქვეითების ქცევა ქმნიან სერიოზულ საფრთხეს, ისინი ავტობანზეც გვხვდებიან რიგ შემთხვევაში, მათ შორის, ღამის საათებში“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ქვეითების ქცევის კუთხით ლიბერალური მიდგომა არსებობს და პასუხისმგებლობა უმეტესად მძღოლებს ეკისრებათ.

„ქვეითების ქცევა ქმნის სერიოზულ საფრთხეს. საქართველოში ავტობანზეც კი გვხვდებიან ხოლმე ქვეითები, მათ შორის ღამის საათებშიც. შესაძლოა, ეს არ იყოს ხშირი შემთხვევა, მაგრამ ერთიც რომ იყოს, ისიც ბევრია, რადგან ერთი ადამიანის სიცოცხლეც მნიშვნელოვანია.

ქვეითების ქცევის კუთხით ლიბერალური მიდგომა გვაქვს, ტვირთი გადადის მძღოლებზე. ლოგიკურიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლი ზის ავტომობილში - ჯავშანში, რომელსაც მართავს და ისე უნდა მართოს სატრანსპორტო საშუალება, რომ, რომც შეექმნას ბარიერი, შეძლოს სიჩქარის მართვა. ძირითადად პასუხისმგებლობები ეკისრება მძღოლს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ პასუხისმგებლობა ქვეითს არ აქვს, რადგან საგზაო უსაფრთხოება ზიარი პასუხისმგებლობაა და გზის ყველა მომხმარებელს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს გზაზე გადაადგილებისას“, - ამბობს რესპონდენტი.

ლალიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ისე, რომ ქვეითებმა გზებზე მხოლოდ მათთვის განკუთვნილი გადასასვლელებით ისარგებლონ.

„მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა ისე იყოს მოწყობილი, რომ ქვეითებს უბიძგოს, ქუჩაზე გადავიდნენ მხოლოდ თავის გადასასვლელებით. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით თბილისში ექცევა ყურადღება სატრანსპორტო პოლიტიკას, ახალ ქუჩებზე საკმაოდ არის ზებრა გადასასვლელები და იმ ევროპულ სტანდარტს ეხმიანება, რომელიც ორიენტირებულია ფეხით მოსიარულეზე, ეტლით მოსარგებლეზე, ბავშვებსა და ა.შ. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში დროს არის მაინც საჭირო, რომ სრულად მოეწყოს არამარტო ცენტრალური უბნები დანარჩენი ქუჩებიც და ორიენტირებული იყოს ადამიანზე. გარდამავალ ეტაპზე ვართ ჯერ-ჯერობით და გზაზე საფრთხის რისკი მაღალია“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მერი ტაბატაძე