„ისევ ვდგავართ ქუჩაში შვილებთან ერთად და ვითხოვთ ჩვენი ნათელი მომავლის დაბრუნებას“, - ამის შესახებ კომპანია RENTALS-ის დამფუძნებელი ზურაბ ერისთავი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ზვიადის დროს პატარა ვიყავი და დიდად არაფერი მესმოდა, სამაგიეროდ ძალიან კარგად მახსოვს შევარდნაძის პერიოდი, როდესაც კორუფციამ და აღებ-მიცემობამ გამოხრა ყველაფერი. ქვეყნის უპერსპექტივობისგან სული მეხუთებოდა. უცებ გამოჩნდა ძალა, რომელმაც ახალი ენერგიით ყველაფერი შეცვალა. შევარდნაძე გააგდო, აბაშიძე მოგვაშორა, ჯარი და პოლიცია სრულიად განაახლა, საჯარო სექტორი გარდაქმნა, ეკონომიკური წინსვლა დავიწყეთ, თვალებში გამოვიხედეთ. ქვეყნად ვიგრძენით თავი. მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ქვეყანათა სიას თავში მოვექეცით.
აქ, საილუსტრაციოდ, ერთ ჩანართს გავაკეთებ, უძრავი ქონების კონფერენციაზე უკრაინაში ყოფილი საბჭოეთის სხვადასხვა ქვეყნის ჩემმა კოლეგამ მოიყარა თავი. როცა გაიგეს რომ ქართველი ვიყავი, შურის თვალით შემომხედეს და მითხრეს "თქვენი საქმე გაკეთებულია, ნეტა ჩვენ რა გვეშველებაო". ხომ წარმოგიდგენიათ როგორ გავამაყდებოდი. მიწას ვეღარ ვგრძნობდი.
გავიდა ხანი და ეს ჩვენი საქებარი მთავრობა კაციჭამია ურჩხულად გარდაიქმნა. ახლა არ დამიწყოთ ასე არ იყოო. ზუსტად ასე იყო. მათ თავგასულობას და ბოროტებას საზღვარი აღარ ჰქონდა. მეგობრები ერთმანეთთან საუბრისას, მობილურს ელემენტს ხსნიდნენ ბერიას რომ არ გაეგო მათი საუბარი. არ იყო ასე? იყო. იყო.იყო. ისევ შემიგუბდა ჰაერი. ვიჯექი და ჩემთვის ვფიქრობდი, ამ ტოტალური შიშის პირობებში, ვინ უნდა ყოფილიყო მათი მომრევი. აზრად მხოლოდ ორი ადამიანი მომდიოდა - ილია მეორე და ბიძინა ივანიშვილი. მაშინ ივანიშვილის ფოტოც არ მენახა. უბრალოდ ყველას გაგვეგო მისი უსაზღვრო მეცენატობის შესახებ და ვიცოდით რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა. ამ ფიქრიდან სულ მალე, ბიძინა გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე და დიდი სიხარულით გავყევით უკან. დავამარცხეთ ერთ დროს უპირველესი რეფორმატორი კაციჭამიები.
პოლიტიკაში მოსვლიდან რამდენიმე ხანში, ბიძინამ განაცხადა აღარ მინდა პოლიტიკა, წავედი მე ჩეროშიო. მოგვიყვანა აქამდე ჩვენთვის უცნობი სახეები და გვითხრა ესენი იქნებიან თქვენი პრემიერმინისტრებიო, თან როცა მინდა საჭადრაკო როქებს ისე გავაკეთებ და თქვენი აზრი სულ არ მაინტერესებსო.
ახლა, ჩემო ბატონო, გამოხდა ხანი და ბატონმა ბიძინამ, ერთ დღეს გაიღვიძა და გამოგვიცხადა ისევ ბრუნდები პოლიტიკაში და თან "ომის პარტია" გვერჩისო, ყველა უნდა "გაგვაგეონო", სარწმუნოებას გვართმევენო და ამაში დაადანაშაულა ყველა ის ვინც ამ ბოლო 30 წლის მანძილზე გვერდით გვედგა, გვეხმარებოდა, გვასწავლიდა. ახლა, მეტყვით რა გვჭირდა მათი სასწავლებელი "ვეფხისტყაოსნის" შემქმნელ ხალხსო. რა გვჭირდა და გვჭირდა. ამ 21-ე საუკუნეში ხალხი ორმოში რომ ისაქმებს და ყველაზე დიდ და უშუალო საფრთხედ "მეორედ მოსვლა" მიაჩნიათ, ესე იგი გვჭირდა.
თან ამ ხნის განმავლობაში, რაც პერიოდიც მოვიცავი (30 წელი), მოვიარეთ მსოფლიო, ვნახეთ სად და როგორ ცხოვრობს ხალხი. ვის როგორი დაცულობისა და ბედნიერების ხარისხი აქვს. ყველაზე ბედნიერები ცივი და უმზეო სკანდინავიური ქვეყნები აღმოჩნდნენ, სადაც ყოველი მოქალაქე დარწმუნებულია, რომ მასზე სახელმწიფო ზრუნავს. მახსოვს, ერთ სკანდინავიელს ჰკითხეს კოვიდის დროს რომელი აცრა გაიკეთეო. გაკვირვებისგან სახე შეეცვალა" მე რა ვიცი, რომელი გავიკეთე, რაც სახელმწიფომ გამიკეთა, ის გავიკეთეო". სახელმწიფოს ნდობა ჰქონდა და იმიტომ. აი იქ არის ურთიერთპატივისცემა თუ არის. ყველა მოქალაქე მოქალაქეობრივად ფიქრობს. როგორ მოახერხეს, ერთ დროს დაუნდობელმა ვიკინგებმა ეს? როგორ და სწორი სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო მიდგომებით, განათლებაში ინვესტირებით, სახელმწიფოს კონტროლირებით.
ახლა კი მივედით იქ სადაც მივედით. ისევ ვდგავართ ქუჩაში შვილებთან ერთად და ვითხოვთ ჩვენი ნათელი მომავლის დაბრუნებას. ევროპასთან ინტეგრაცია ოფიციალურად შეჩერებულია. ამერიკამ სტრატეგიული პარტნიორობა შეგვიჩერა, ხოლო სამთავრობო არხებიდან გვესმის ბელარუსული ნარატივი რა ცუდია ევროპა და ამერიკა. სამაგიეროდ "გვილაიქებს" პუტინ-პესკოვ-ლავროვი.
სხვა გზა აღარ გვაქვს. ისევ უნდა შევცვალოთ! შემდეგ კიდევ შევცვალოთ და იქამდე ვცვალოთ, სანამ სამშვიდობოს არ გავალთ”, - წერს ზურაბ ერისთავი.
შეგახსენებთ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე, მოსახლეობა მე-4 დღეა აპროტესტებს.
პროტესტს უერთდება ბიზნესების ნაწილი, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა ნაწილიც.
ამასთანავე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა.