„როგორც საჯარო მოხელე, ვალდებული ვარ ერთგული ვიყო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის“ - ნანა შავიძე

„როგორც საჯარო მოხელე ვალდებული ვარ ერთგული ვიყო საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების სამმართველოს უფროსი, ნანა შავიძე წერს.

მისი თქმით, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს.

„ღრმა ბავშვობიდანვე, მაშინ როცა ბევრი რამ არ გამეგებოდა და ბევრი რამ არ ვიცოდი, მამა ხშირად მიმეორებდა - გახსოვდეს, რუსული ენა შეიძლება დაგჭირდეს და ისწავლო, თუმცა არაფერ რუსულს და არც მაგ ქვეყანას არ უნდა ენდო. იცოდე, რომ მოვა დრო და მიხვდები, რომ რუსეთი არა სანდოა, რუსეთი მტერია. ამ აზრებით ვიზრდებოდი, თუმცა მართალი გითხრათ ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა მაშინ მამა, თან როგორც იცით იმ საბჭოთა საქართველოში დავიბადე რომელშიც რუსეთი გაიდეალებული იყო და მამაც საჯარო მოხელე, თანამდებობის პირს წარმოადგენდა.

ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპაციის შემდეგ კი ყველაფერი ნათელი გახდა. შესაბამისად, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ჩემთვისაც რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა იყო ძალიან შეურაცხმყოფელი.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირდაპირი საქმიანობა ასე თუ ისე ევროინტეგრაციასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა ძალიან გამიმართლა ისეთ სამსახურში მოღვაწეობა, სადაც მხარდამხარ ვმუშაობ და ვურთიერთობ იმ ადამიანებთან, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიზნით, რაც იმედი მაქვს და მჯერა გაგრძელდება სანამ არ გავხდებით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი.

შესაბამისად, როგორც საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და მით უმეტეს, როგორც საჯარო მოხელე ვალდებული ვარ ერთგული ვიყო საქართველოს კონსტიტუციის და ამ კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, ერთგული ვიყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის.

გვახსოვდეს, სხვა ალტერნატივა ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ აქვს!“, - წერს ნანა შავიძე.

მერი ტაბატაძე