პოლიტიკოსი მილიარდერები - ვინ არიან ყველაზე მდიდარი ლიდერები მსოფლიოში

გარდა იმისა, რომ ფლობენ უზარმაზარ პოლიტიკურ ძალას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბევრი ლიდერი ძალიან მდიდარიცაა. თუმცა მათგან მილიარდერი მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელადაა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრეს პოლიტიკოსებს შორის, არიან უღარიბესი ქვეყნის მმართველებიც.

Lovemoney რამდენიმე მათგნის შესახებ წერს:

რუსეთი: ვლადიმერ პუტინი – 200 მილიარდი დოლარი

2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის ფინანსები საიდუმლოებით არის მოცული. თუმცა Hermitage Capital Management-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ბილ ბრაუდერის შეფასებით, მისი ქონება დაახლოებით 200 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ეს მაჩვენებელი მას მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს პოლიტიკოსად აქცევს.

ამასთან, 2018 წელს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 2011-დან 2016 წლამდე პუტინმა ოფიციალურად მხოლოდ 673,000 აშშ დოლარი გამოიმუშავა.

მსხვილ აქტივებთან ერთად, მას აქვს საცხოვრებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე სასახლეები რუსეთის ტერიტორიაზე და როგორც ამბობენ, ულტრათანამედროვე აღწურვილობის ბუნკერი.

ჩრდილოეთ კორეა: კიმ ჩენ ინი – 5 მილიარდი დოლარი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 2013 წლიდან მოყოლებული 5 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა. დაახლოებით იმავე პერიოდში, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა აღმოაჩინეს აქტივები და საბანკო ანგარიშები, რომლებსაც ჩრდ. კორეის უმაღლესი ლიდერი და მისი ოჯახი აკონტროლებდნენ.

მათი მტკიცებით, სიმდიდრის დიდი ნაწილი დამალული იყო 200-ზე მეტ საბანკო ანგარიშზე ჩინეთში და სხვა ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში, ლუქსემბურგში, რუსეთსა და შვეიცარიაში.

ჩინეთი: სი ძინპინი – სავარაუდოდ, 1.5 მილიარდი დოლარი

სი ძინპინს სინამდვილეში აქვს ძალიან მოკრძალებული ხელფასი და ეს თანხა წელიწადში 22 000 დოლარს შეადგენს.

თუმცა, 2012 წელს გაირკვა, რომ ძინპინს და მის ოჯახს ჰქონდათ დამალული ინვესტიციები რამდენიმე ჰოლდინგში, მათ შორის 244 მილიონი დოლარის წილი საინვესტიციო ფირმა Shenzhen Yuanwei-ში, რაც 2024 წლის მონაცემებით 334 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტურია.

დასავლური მედია წერდა, რომ მისი ქონება 1.5 მილიარდი დოლარს შეადგენს, თუმცა აღნიშნული ოფიციალურად არ დადასტურებულა.

სირია: ბაშარ ალ-ასადი – 1.5 მილიარდი დოლარი

მიუხედავად გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და შვეიცარიაში მისი აქტივების გაყინვის მცდელობისა, 2012 წელს სირიის ლიდერმა ბაშარ ალ-ასადმა დააგროვა დაახლოებით, 1.5 მილიარდი დოლარის ქონება.

2022 ფინანსური წლისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი წმინდა ქონება 1-2 მილიარდ დოლარად შეაფასა.

სირიის სამოქალაქო ომის დაწყებამდე, 2011 წელს, ასადები და მათი მეგობრები, სავარაუდოდ, ქვეყნის აქტივების 60%-დან 70%-მდე ფლობდნენ. მათ შორის მიწას, ენერგეტიკულ ბიზნესს და ქარხნებს.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი