თბილისში აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

თბილისში გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ ბრიფინგი გამართა და თბილისში გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის ჩატარების თაობაზე განცხადება გააკეთა.

,,მინდა გავაკეთო განცხადება ჩვენს ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის ჩატარებას ეხება. დედაქალაქში ამ მიმართულებით გარკვეული სახის პრობლემები შეიმჩნევა. ქალაქის უმეტეს ნაწილში ქუჩების აღმნიშვნელი აბრები არაა დამონტაჟებული, რიგ შემთხვევებში კი ბეჭდვის დროს არაერთი გრამატიკული შედომაა დაშვებული. ფაქტია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში საერთოდ არ ყოფილა დადგენილი სკვერების, პარკების, ბაღების, ბულვარების, სანაპიროების, მოედნების აღმნიშვნელი აბრების დიზაინი. ბოლო პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის მოგვარების, კერძოდ, გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელები აბრების დიზაინის შემუშავების თაობაზე. საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, გავეცანით და დავამუშავეთ საერთაშორისო გამოცდილება, რადგან ვფიქრობთ, რომ თბილისმა ევროპულ ქალაქებში ამ მიმართულებით არსებულ ტენდენციებს ჩვენი დედაქალაქის ისტორიული ფასეულობების გათვალისწინებით უნდა აუბას მხარი.

გამომდინარე ზემოთ თქმულიდან, ვგეგმავთ ქალაქში არსებული გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის გამოსავლენი კონკურსის ჩატარებას, რომლის ფარგლებში შევარჩევთ როგორც ისტორიულ, ასევე თბილისის დანარჩენ ნაწილში განსათავსებელი აბრების დიზაინს.  კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევარი, ვფიქრობთ, ჩვენს დედაქალაქს ნამდვილად დაამშვენებს და შესაბამისი ქუჩის მნიშვნელოვან ატრიბუტად იქცევა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, დეტალური ინფორმაცია იხილონ საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდზე tbsakrebulo.gov.ge", - ნათქვამია განცხადებაში.

კონკურსი 6 ივლისს გამოცხადდა და 25 ივლისამდე გაგრძელდება.