ამ ხალხს ემუქრება ყველაზე კორუმპირებული მერი, რომელსაც  ევროპული მხოლოდ ტანსაცმელი და გართობა აინტერესებს - საბა ბუაძე თბილისის მერიის თანამშრომლებზე

ამ ხალხს დღეს ემუქრება თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი, რომელსაც ევროპული მხოლოდ ტანსაცმელი და გართობა აინტერესებს, - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი საბა ბუაძე საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ბუაძე სოციალური ქსელის საშუალებით თბილისის მერიის თანამშრომლებს მიმართავს და აცხადებს, რომ ისინი ამ ბრძოლაში მარტო არ არიან.

"ისე მოხდა, რომ სისტემური რყევისა და განადგურების მცდელობის მიუხედავად, ბოლო 20 წელში საქართველოში ჩამოყალიბება დაიწყო საჯარო სამსახურის საფუძველმა, რომელიც სახელმწიფოს მსახურების გარდა, დიდწილად არის მომართული ევროინტეგრაციის ამოცანის შესრულებაზე.

ამ ხალხს დღეს ემუქრება თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი, რომელსაც ევროპული მხოლოდ ტანსაცმელი და გართობა აინტერესებს.

მივმართავ თბილისის მერიის სისტემაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს - ვიცი, რომ არც ერთი წამით არ გეშინიათ ამ აღზევებული და ამორალური ბრიყვის განცხადებების, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ არ ხართ მარტო ამ ბრძოლაში. თქვენს გვერდში მიგულეთ და იცოდეთ, რომ ღირებულებებისთვის ბრძოლაში კეთილი ყოველთვის სძლევს ბოროტს!" - წერს საბა ბუაძე.

ცნობისთვის, თბილისის მერმა მერიის თანამშრომელთა ნაწილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან, საპასუხოდ განაცხადა, რომ მერიაში წინა კვირას რეორგანიზაცია გამოცხადდა და კარგია, რომ ეს თვითლუსტრაცია უკვე მოხდა.