გიორგი ქადაგიძე ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებულ შენიშვნებზე პარლამენტში ისაუბრებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით შენიშვნები პარლამენტში უკვე გადაგზავნილია.

როგორც გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს შენიშვნები საჯაროა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ და სხვა საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებს პარლამენტში, როდესაც ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშით წარსდგება. "ბევრი თემაა განსახილველი, როგორც ბიუჯეტის გავლენა, ასევე ის პროგნოზები, რომელიც ჩვენ გვაქვს; ასევე ის მოვლენები, რომლებიც ვითარდება როგორც რეგიონში, ასევე საბერძნეთში, რაც მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ყველაფერზე ვისაუბრებ პარლამენტში", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკი მთავრობას მიმდინარე ხარჯების შემცირებას ურჩევს. 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები, დასკვნის სახით, ეროვნულმა ბანკმა პარლამენტში უკვე გადააგზავნა.