კახა კალაძე: ლარის დევალვაციამ ენერგეტიკის დარგს სერიოზული დარტყმა მიაყენა

ლარის დევალვაციამ ენერგეტიკის დარგს ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულის გამო შესაბამისი კომპანიები და თბოელექტროსადგურები დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია ტარიფების გაზრდა, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ამ საკითხზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

"ტარიფებზე მუშაობს მარეგულირებელი კომისია და ალბათ, მისი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუმცა ლარის დევალვაციამ ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგეტიკის დარგს. ამის გამო კომპანიები, თბოსადგურები ძალიან დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი ძალიან დიდია, ასევე ძალიან დიდია წილი გაზისა, რომელიც მუშავდება თბოელექტროსადგურებში და ვიღებთ ელექტროენერგიას", - აღნიშნა კახა კალაძემ.