მედიისთვის "ჰით ბათუმი 2015"-ის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში", ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებისთვის "ჰით ბათუმი 2015"-ის პრეზენტაცია გაიმართა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის საზაფხულო სეზონის ერთიანი კამპანიისა და მასშტაბური ივენთპროექტის დეტალური განხილვის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა უპასუხეს. "ჰით ბათუმი 2015" წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს ორთვიან პერიოდში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით "ჰით ბათუმი".

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სსიპი "კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი "ჰით ბათუმი" სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორე მხრივ, მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიისთვის.

"ჰით ბათუმის" ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდში ბათუმს 20-მდე ქვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი ესტუმრება. ღონისძებაში 50 ორგანიზაცია და 2 000-მდე მონაწილეა ჩართული. 6 ივლისიდან 12 ივლისამდე ფოლკლორული დღეები ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მიწვეული ფოლკლორული ანსამბლები კონცერტებს ბათუმის ბულვარის კოლონადებთან და საზაფხულო თეატრში გამართავენ. 13-16 ივლისს, დაგეგმილია ბათუმელი შემსრულებლების კონცერტები. შემდეგი დღეები, კერძოდ, 17-19 ივლისი, სანრემოს ვარსკვლავების კონცერტებს დაეთმობა. 20 ივლისიდან ჯაზის დღეები დაიწყება, რომელიც 26 ივლისს Snoop Dogg-ის კონცერტით დასრულდება. მომდევნო კვირეულებში ჩატარდება - საბავშვო დღეები, თანამედროვე მუსიკის დღეები, ქუჩის თეატრის დღეები, ელექტრონული მუსიკის დღეები, კლასიკური მუსიკის დღეები, ბათუმობის ღონისძიებები. "ჰით ბათუმი 2015"-ს 15 სექტემბერს ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალი პიაცაზე გამართული გალა კონცერტით დაასრულებს.

"ჰით ბათუმი 2015" საპილოტე პროექტია და მისი ყოველწლიურად განხორციელება იგეგმება.