სირიაში დაპირისპირება გრძელდება. სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპო მას შემდეგ დატოვეს, რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის მოწინააღმდეგე მეამბოხეებმა იერიში მიიტანეს და ქალაქში შევიდნენ.
BBC-ის ინფორმაციით, სირიელმა ამბოხებულებმა თითქმის აიღეს ალეპო, გარდა იმ რაიონებისა, რომელსაც ქურთების ძალები აკონტროლებენ და განაგრძეს წინსვლა სამხრეთით.
ამასთან, რუსული ავიაცია აგრძელებს თავდასხმებს ტერიტორიებზე, რომელიც ასადის რეჟიმის მიერ არ კონტროლდება. მანამდე ისლამისტურმა ანტისამთავრობო დაჯგუფებებმა პროთურქული "ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ მეთაურობით, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, კონტროლი დააწესეს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე იდლიბის პროვინციაზე.
თავის მხრივ, ბაშარ ასადის არმია, პირობას დებს, რომ კონტრშეტევას განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ სირია იყო ის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც 2018 წლის 29 მაისს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, ამის შემდეგ საქართველომ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა კი თავის მხრივ, ყველა სხვა ტიპის ურთიერთობის შეჩერებას ნიშნავს, მათ შორის, ვაჭრობის. თუმცა, როგორ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, ვაჭრობა მაინც მიმდინარეობს.
უფრო კონკრეტულად, 2018 წელს სავაჭრო ბრუნვამ 801 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, 2019 წელს - 415.1 ათასი აშშ დოლარი, 2020 წელს - 881.6 ათასი აშშ დოლარი, 2021 წელს 1.098 მლნ აშშ დოლარი, 2022 წელს - 585.3 ათასი აშშ დოლარი, 2023 წელს - 1.995 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება წელს იანვარ-ოქტომბრის მონაცემს, ქვეყნებს შორის 802.9 ათასი აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა.
საქსტატის მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში საქართველოდან სირიაში ექსპორმა 372.7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სირიიდან იმპორტმა 430.2 ათასი აშშ დოლარი.
წელს 10 თვეში საქართველოდან სირიაში მხოლოდ თხილი და სხვა კაკალი (353.7 ათასი აშშ დოლარი) და მანგანუმის ოქსიდები (19 000 აშშ დოლარი) გავიდა.
რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში სირიიდან სანელებლები (239.1 ათასი აშშ დოლარი) და ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები (191 100 აშშ დოლარი) შემოვიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სირიიდან ტურისტების რაოდენობა გაზრდილია 60.1%-ით. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით 2024 წლის პირველ-მესამე კვარტალში, ქვეყნიდან 9 996 ვიზიტორი ჩამოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში - 6 242.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ომი ქვეყანაში, რომელსაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი შეეწირა, 2011 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ასადის მთავრობამ პროდემოკრატიულ საპროტესტო აქციებს სასტიკი დარბევით უპასუხა.
ძირითადი კონფლიქტი 2020 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, თუმცა ოპოზიციურმა ძალებმა კონტროლი შეინარჩუნეს ჩრდილო-დასავლეთით არსებულ რიგ პროვინციებზე.