დავით ნარმანიას ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემაზე განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემაზე განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი თანხები უკვე აკუმულირებულია და აღნიშნული თანხების გადატანა ერთიან ანგარიშზე მოხდება, საიდანაც თანხა გამჭვირვალედ დაიხარჯება. "ეს პროცესი გუშინ, მას შემდეგ, რაც საკრებულოს შესაბამისი აქტი გამოქვეყნდა, არის დაწყებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

იგი ასევე გამოეხმაურა სვანიძის ქუჩის მცხოვრების ჟუჟუნა წიკლაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე თითქოს მას ბინა მხოლოდ ერთი კვირით უქირავეს და აღნიშნა, რომ ასეთი რამ წარმოუდგენელია. "ჩვენ ვნახავთ მას და აუცილებლად, თუ სადმე რამე არის გასარკვევი, ჩვენი შესაბამისი სამსახური გაარკვევს. ყველა დაზარალებული არის უზრუნველყოფილი მანამდე, ვიდრე მათ საკუთრებაში არ ექნებათ ბინები", - განაცხადა თბილისის მერმა.