უკრაინაში საგრძნობლად გაიზარდა იმ უცხოელი ტურისტების რიცხვი, რომელთაც ომის შედეგების ნახვა სურთ.
ინფორმაციას Bild ავრცელებს.
მოგზაურები, რომლებსაც, ეგრეთ წოდებულ, შავ ან სამხედრო ტურიზმში სურთ მონაწილეობა, ქვეყანაში, ძირითადად, ევროპიდან და აშშ-დან ჩადიან.
უკრაინული ტურისტული კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ ტურებს, რომლებშიც უცხოელებს შეუძლიათ, დედაქალაქის რეგიონი მოინახულონ, ასევე, საომარ ზონებში უფრო ძვირი მოგზაურობები დაჯავშნონ.
მაგალითად, კომპანია, War Tours ექსკურსიებს კიევსა და კიევის რეგიონში აორგანიზებს. დედაქალაქის ერთდღიანი ტური, დაახლოებით, 150 ევრო, ხოლო ისეთი ქალაქების მონახულება, როგორიც ირპენი და ბუჩაა, 250 ევრო ღირს. წლის დასაწყისიდან კომპანია 30-მდე კლიენტს მოემსახურა.
ზოგიერთი ტურისტული სააგენტო მარშრუტებს აფართოებს და მომხმარებლებს მრავალდღიან მოგზაურობებს სამხრეთ უკრაინაში სთავაზობს, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება. ასეთი ტურების ფასი ერთ ადამიანზე, დაახლოებით, 3,300 ევროა.
War Tours-ის თანადამფუძნებლის, დიმიტრი ნიკიფოროვის თქმით, მოგების ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად იხარჯება. ის ხაზგასმით ამბობს, რომ კომპანიის მთავარი მიზანი ომის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაა.
ტურისტული კომპანია Capital Tours Kyiv-ის მენეჯერი, სვიტოზარ მოისეევი აცხადებს, რომ სამხედრო ტურებიდან ფინანსური სარგებელი მცირეა, თუმცა ასეთი მოგზაურობის საგანმანათლებლო მნიშვნელობა ფულად ასპექტს აღემატება.
“ეს მოგზაურობები, ერთგვარად, ომის განმეორების საწინააღმდეგო აქციაა,” - აცხადებს მოისეევი.
უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარიანა ოლესკივმა აღიარა, რომ ამ ტიპის ტურიზმი ეთიკის თემაზე დისკუსიებს იწვევს, მაგრამ მასზე მოთხოვნა კვლავ იზრდება. ამასთან, ირპენის მსგავსი დაზარალებული რაიონების ზოგიერთი მცხოვრები ამ ინიციატივებს აკრიტიკებს და სამხედრო ტურებიდან შემოსავალს „სისხლიან ფულს“ უწოდებს.
ომის მიუხედავად, უკრაინა ტურისტებისთვის ღიაა. 2023 წელს ქვეყანას, დაახლოებით, 4 მლნ უცხოელი ეწვია. იმავე წელს უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტომ ამერიკულ პლატფორმა Airbnb-თან ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ომის შემდგომი ტურიზმის აღდგენის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ