"მომავალი წლის განმავლობაში მხოლოდ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 5 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება"

მომავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 5 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "ექსპო-ჯორჯიაში" განუცხადა, სადაც აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ერთი წლის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, "აწარმოე საქართველოში" კიდევ უფრო გაფართოვდა. "უკვე 90-მდე კომპანიაა ჩართული აღნიშნულ პროგრამაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი წლის განმავლობაში მხოლოდ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 5 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს პროგრამა გაფართოვდა და ახალი პროექტები დაემატა, რომელთა შორისაცაა რეგიონებში სასტუმროების ქსელის განვითარება – საუბარია სამ და ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროებზე. ამას გარდა, დავიწყეთ საქართველოში კინოს გადაღების წახალისების პროგრამა, რაც ასევე მოიცავს გარკვეულ ფინანსურ კომპონენტებს ამ დარგის წახალისებისთვის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" განხორციელება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან დაიწყო. ის ორიენტირებულია საქართველოში მეწარმეობის წახალისებაზე, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერაზე, ახალი საწარმოების შექმნასა და უკვე არსებულის გაფართოება-გადაიარაღებაზე.  პროგრამის ერთი წლის შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.