ესტონეთში, ტალინის აეროპორტი (AS Tallinna Lennujaam) 2,87 ევროს ოდენობის უსაფრთხოების საფასურს, ხოლო სპეციალური საჭიროების მქონე მგზავრებისთვის 0,18-ევროიან გადასახადს აწესებს.
ამის შესახებ აეროპორტის პრესრელიზში წერია.
ორივე საფასური ბილეთის ფასში შევა და პარნუს, კურესაარესა და კერდლას აეროპორტებში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან, ხოლო ტალინისა და ტარტუს აეროპორტებში 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება.
ტალინის აეროპორტის მმართველ რივო ტუვიკეს თქმით, უსაფრთხოების ხარჯი ბოლო წლის განმავლობაში, თითქმის, 30%-ით გაიზარდა. ტალინის აეროპორტმა ეს გადასახადი გასულ წელსაც გაზარდა, რაც მაშინ ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა გააპროტესტა.
ახალი საფასური საერთაშორისო რეისებზე ბილეთების ღირებულებას მნიშვნელოვნად არ გაზრდის, თუმცა შიდა რეისების, მაგალითად, 30-ევროიან ბილეთებზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. თუმცა შიდა რეისებზე ამ გადასახადს მგზავრი გადაიხდის თუ სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, ჯერ უცნობია.
ავიაციის ექსპერტების შეფასებით, ტალინის აეროპორტმა ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა, როცა გადასახადის გაზრდა აპრილიდან გადაწყვიტა, რადგან აქტიური საავიაციო სეზონი გაზაფხულის შუა რიცხვებიდან იწყება.
ცნობისთვის: ლატვიასა და ფინეთში ანალოგიურ სერვისებზე საფასური, თითქმის, 6 ევროა. კერძოდ, ლატვიაში 5,96 ევრო, ხოლო ფინეთში 5,71 ევროა. ლიეტუვაში უსაფრთხოების გადასახადი არ მოქმედებს. უსაფრთხოების ყველაზე მაღალი საფასური ისლანდიაშია და 20,2 ევროს შეადგენს. თურქეთში 1,5-ევროიანი უსაფრთხოების გადასახადი ტურისტებისთვის 2019 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს, რომელსაც მგზავრებისგან აეროპორტებში ჩასვლისთანავე იღებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ