გიორგი ქადაგიძე: საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის სოციალური თვალსაზრისით მტკივნეულია

საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის განსაკუთრებით პირველ ეტაპზე გაცილებით უფრო მტკივნეულია სოციალური თვალსაზრისით, ვიდრე ფინანსური ნაკადების შემცირების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საბერძნეთში განვითარებული მოვლენების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"საბერძნეთთან დაკავშირებით ერთი რამ შემიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, შეიძლება პირობითად 100 მილიონი დოლარის დანაკლისი გადმორიცხვების თვალსაზრისით ჯამურად მაკროეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი თანხა არ იყოს ქართული ეკონომიკისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, სოციალური დატვირთვა გაცილებით დიდი აქვს ამ პრობლემას. ვინაიდან უამრავი ჩვენი მოქალაქე მუშაობს იქ, რაც ნიშნავს, რომ ათასობით ოჯახის მთავარი შემოსავალი საბერძნეთიდან გზავნილებია. ამიტომ, ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით პირველ ეტაპზე გაცილებით უფრო მტკივნეულია სოციალური თვალსაზრისით, ვიდრე ფინანსური ნაკადების შემცირების თვალსაზრისით. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საბერძნეთიდან გზავნილების შემცირება პროგნოზებში გათვალისწინებული იყო. "საბერძნეთიდან გზავნილების შემცირება ჩვენს პროგნოზებში გათვალისწინებული იყო, თავისთავად ცხადია. თუმცა იმედია, რომ პესიმისტური ვარაუდები არ გამართლდება ევროზონაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებსაც რა თქმა უნდა, გავლენა ექნება როგორც საქართველოზე, ასევე მთლიანად რეგიონზე", - განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.