„ილუზიაა ის, რომ 20 იანვრის ანუ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება. წარმოუდგენელია, რომ აშშ-ის წამსვლელ ხელისუფლებას ახალ ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“, - ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, „გოცირიძის მეღვინეობის“ თანადამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიმართ სავიზო სანქციები მხოლოდ გადაადგილების შეზღუდვად ვერ იქნება განხილული. ასეთი შეზღუდვები ქვეყნებს შორის პარტნიორობის შეწყვეტას ნიშნავს.
„როდესაც დაწესდა აშშ-ის მიერ სავიზო სანქციები, პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ისედაც ვაპირებდით ამერიკაში წასვლასო. ახლა ბალტიისპირა ქვეყნებისგან დაწესდა სავიზო შეზღუდვები მაღალჩინოსნებზე და პასუხი იყო იგივე. სანქციების საკითხი აქამდე არ უნდა დავიყვანოთ. საჯარო მოხელე, დანიშნული ან არჩეული პირი, იმიტომ არ ფინანსდება ბიუჯეტისგან რომ მასზე იმის მიხედვით ვიმსჯელოთ, შვებულებას ნიუ-იორკში გაატარებს, ტალინში, ბერლინში თუ დუბაიში, სადაც სანქციები არ გავრცელდება.
როდესაც მაღალჩინოსანი სანქცირებულია, ეს იმთავითვე გამორიცხავს ქვეყანასთან თანამშრომლობას. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმ ქვეყანასთან წყდება თანამშრომლობა ვინც სანქციებს აწესებს, არამედ იმას, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყნისთვის მაგალითად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი ხელმძღვანელობა იქნება მიუღებელი. ასეთ ვითარებაში, როგორ უნდა წარიმართოს ტექნიკური, ექსპერტული დახმარება, წარმოუდგენელია. როდესაც ადამიანს ჩემს სახლში არ ვუშვებ, იმასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე საუბარი წარმოუდგენელია.
ამიტომ, ეს ყველაფერი საქართველოს აქცევს იზოლაციაში. გასაგებია, რომ არსებობს ქვეყნები, რომლებიც სანქციებს არ აწესებენ. უფრო მეტიც, ავტორიტარიზმს ახალისებენ. ეს ქვეყნები შეიძლება ძალიან მდიდრებიც იყვნენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეს რას ვპასუხობთ, რომ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და ეს არის ჩვენი განვითარების არეალი? და არა აშშ, ევროპა და ა.შ.?“, - აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.
როგორც მან განმარტა, აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკა არ შეიცვლება. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ისაა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს საკითხით შესაძლოა საერთოდ აღარ დაინტერესდეს.
„ილუზიაა ის, რომ 20 იანვრის, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ეს ყველაფერი შეიცვლება. წარმოუდგენელია, რომ აშშ-ის წამსვლელ ხელისუფლებას ახალ ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად განეხორციელებინა ეს ნაბიჯები. მით უფრო, რომ ვხედავთ, აშშ-ში ამ მოქმედებებს ორივე პარტიის მხარდაჭერა აქვს. ერთადერთი, რისი იმედიც საქართველოს ხელისუფლებას ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს, არის ის, რომ ტრამპი თავისი იზოლაციონური პოლიტიკიდან გამომდინარე, იტყვის, რომ მე აღარ ვიხედები საქართველოსკენ და მათ რაც უნდა, ის ქნან. ეს გამოსავალია საქართველოსთვის?“, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.