გაიზარდა შემოსავლების სამსახურის იმ თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

გაიზარდა შემოსავლების სამსახურის იმ მოქმედი თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც ემიჯნებიან, ხელისუფლების გადაწყვეტილებას 2028 წლის ბოლომდე არ დაიწყონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. უფრო კონკრეტულად, ამ თანამშრომელთა რაოდენობა უკვე 200-ს გადასცდა. ამის შესახებ განცხადებას​ უწყების მოქმედი თანამშრომლები თავად ავრცელებენ, სადაც სია განახლებადია.

„ჩვენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, წლების მანძილზე აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რასაც საბოლოოდ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის ისტორიული სტატუსის მინიჭება მოჰყვა.

საქართველოს მთავრობის განცხადება მოლაპარაკების გახსნის მომდევნო 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით, ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ათწლეულების განმავლობაში, ვინაიდან მოლაპარაკების გახსნიდან წევრად ქცევამდე ეტაპი ცალკე აღებული, თავისთავად ხანგრძლივი პროცესია და ამავდროულად, ევროკავშირის წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ კანდიდატი ქვეყნის სურვილზე, საჭიროებს, თავად ევროკავშირის შიგნით შესაბამისი პოლიტიკური სურვილისა და მზაობის არსებობას.

ჩვენ, შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომლები ვემიჯნებით საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ერთგულები", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის უკვე 202 თანამშრომელი აწერს ხელს.

ნინი ქეთელაური