“გატარებული ღონისძიებები წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას”- შემოსავლების სამსახური პიროტექნიკის მაღაზიების დახურვაზე

„გადასახადის გადამხდელის მიმართ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას და მისი გასაჯაროება დაშვებულია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში“,- ამის შესახებ bpn.ge-ს შემოსავლების სამსახურში, პიროტექნიკის მაღაზიების დალუქვასთან დაკავშირებით განუცხადეს.

მათი განმარტებით, „კონტროლის ღონისძიებები წარმოადგენს სამსახურის უშუალო ფუნქციას და უცხო არ არის გადასახადის გადამხდელებისთვის“.

"კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შემოსავლების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, რომელიც პრევენციული კონტროლის ღონისძიებებთან ერთად, მოიცავს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებსაც. ზემოაღნიშნული კონტროლის ღონისძიებები წარმოადგენს სამსახურის უშუალო ფუნქციას და უცხო არ არის გადასახადის გადამხდელებისთვის.

ამასთან, განვმარტავთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიმართ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას და მისი გასაჯაროება დაშვებულია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია სიუჟეტში მოყვანილი ფაქტების დეტალებთან დაკავშირებით“,- განუცხადეს bpn.ge-ს შემოსავლების სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურმა ლილოს ბაზრობაზე ის მაღაზიები და საწყობები დალუქა, სადაც საახალწლო პიროტექნიკა იყიდებოდა.

ნინი ქეთელაური