საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის პასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლებელ პირთა წრე იზღუდება

საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის პასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლებელ პირთა წრე იზღუდება. "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" არსებული რედაქციის მიხედვით, ნებისმიერი უცხოელი, რომელიც საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის გზით, ან "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენილი წესის დარღვევით შემოდის და მოითხოვს თავშესაფარს, ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, საზღვრის უკანონოდ კვეთისათვის პასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლებელ პირთა წრე იზღუდება. კერძოდ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან მხოლოდ ის თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც საქართველოში უშუალოდ იმ ქვეყნიდან გადმოვიდნენ, სადაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ უცხოელს, რომელიც უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან მოდის, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს, იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით გამოცხადდება და სათანადო განმარტებებს წარადგენს ხელისუფლების ორგანოებში, ამ ქმედების ჩადენის მიზეზებთან დაკავშირებით.

ანალოგიური ცვლილება "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შესაბამის პუნქტებშიც აისახება. კანონის არსებული რედაქციით, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც "ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ" კანონის დარღვევით შევიდოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, იგი თავისუფლდებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან, თუ თავშესაფარს მოითხოვდა. ახალი რედაქციით კი, იმ პირთა წრე და გარემოებები ზუსტდება, თუ რა შემთხვევაში გათავისუფლდება პირი აღნიშნული ქმედების გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან. კერძოდ, პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობიდან, თუ იგი შემოვიდა უშუალოდ იმ ქვეყნიდან, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს.

ასეთ პირებზე ასევე არ გავრცელდება ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი სანქცია.

კანონპროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოამზადა.