დღევანდელი მონაცემებით, დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი 2.1 მლრდ ლარს აღემატება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბიუჯეტში ტრადიციულად ჭარბობს სოციალური პროგრამები, ჯანდაცვის მიმართულება.
„ასევე მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლისთვისაც 740 მლნ ლარია გათვალისწინებული.
მათ შორის არის გარდამავალი პროექტები. ესენია: 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, ახალი ავტობაზის მშენებლობა, გმირთა მოედნიდან - სანაპიროზე გამსვლელი საგზაო კვანძის მოდერნიზება; უნივერსიტეტისა და შავიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა; გახოკიძისა და ბურჯანაძის ქუჩების რეაბილიტაცია; ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია; ე.წ. კადეტთა კორპუსის და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციის პროექტები.
2025 წელს კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება და განხორციელება გვაქვს დაგეგმილი: კერძოდ, რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით; ვერის ბაღისა და ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; ვაკის პარკის რეაბილიტაციის დასრულება და სხვა ბევრი პროექტი, რომლის შესახებაც ინფორმაციას მოსახლეობას დეტალურად მივაწვდით,“ - განაცხადა კალაძემ.