თავშესაფრის მაძიებელ პირს, სახელმწიფოს ხარჯზე, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ექნება

თავშესაფრის მაძიებელ პირს, სახელმწიფოს ხარჯზე, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ექნება. "იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პირებს სამინისტროს მიერ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქმევათ, ან გაუუქმდებათ ან შეუწყდებათ შესაბამისი სტატუსი და სტატუსის მინიჭებას ან აღდგენას სასამართლოს მეშვეობით მოითხოვენ, ასეთი პირები სასამართლოში მათი უფლებების დასაცავად უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ. იურიდიულ დახმარებას კი, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები გასწევენ.

პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ის 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დამატებითი ფუნქციების განხორციელებისათვის, იურიდიული დახმარების სამსახურს ყოველწლიურად 103 600 ლარი უნდა გამოეყოს.