ქართულმა კომპანიებმა ნიუ-იორკში საგამოფენო შოუზე ეროვნული პროდუქცია წარადგინეს

ქართულმა კომპანიებმა წამყვან საგამოფენო შოუზე ეროვნული პროდუქცია წარადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს კოორდინირებით ქართულმა კომპანიებმა ნიუ-იორკში, ამერიკის უმსხვილეს და წამყვან საკვები პროდუქციის საგამოფენო შოუზე The Summer Fancy Food Show 2015 ეროვნული ნაწარმი წარადგინეს. "Javits center-ში გამართული საგამოფენო შოუ ერთ-ერთი პრესტიჟული, კვების ინდუსტრიის ინოვატორ წარმომადგენელთა თავშეყრის ადგილია, სადაც მეწარმეები, ბაიერები და საზოგადოებრივი აზრის ლიდერები სამი დღის განმავლობაში ქვეყნების ახალი კუთხით აღმოჩენის მიზნით იკრიბებიან, საერთო ჯამში კი ღონისძიებაში მონაწილეობა 2,500-მა კომპანიამ და 25,000-მა მყიდველმა მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 2015 წლის საგამოფენო შოუს ფარგლებში საქართველომ ტრადიციული პროდუქცია ახლებური, ინოვაციური სახით წარადგინა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული სტენდის ქვეშ წვენების, ჩაის, თხილის და ასევე კვების მრეწველობაში არსებული ქართული კომპანიების პროდუქცია განათავსა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ "არომა პროდუქტი" (ხილის წვენები, ჯემები, სოუსები, ხილი სიროფში); "კულა" (საკონსერვო პროდუქცია, ხილის წვენები, ჯემები, მურაბები, კომპოტები); "გეოპლანტი" (სხვადასხვა სახეობის ქართული ჩაი); "ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი" (მოხალული დამარილებული თხილი ნაჭუჭით, თხილის გული) და "კამპა" (წვენები).

"ღონისძიებამ ქართული მხარისათვის საკმაოდ პროდუქტიულად ჩაიარა. მნიშვნელოვანი კონტაქტები დამყარდა კომპანიებსა და იმპორტიორებს შორის, გამოფენას დადებითი გამოხმაურება მოყვა მედიის მხრიდანაც. საკვები პროდუქტების საგამოფენო შოუს "The Summer Fancy Food Show 2015" მნიშვნელობა საკმაოდ დიდია, რომელიც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით ახალ შესაძლებლობებს უხსნის, ამავდროულად, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისათვის საჭირო პლატფორმას ქმნის და საერთაშორისო კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს მნიშვნელოვნად უმართავს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.

შოუს ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დაკვეთით შეირჩა ადგილობრივი კონსულტანტი, რომელიც ქართული კომპანიების წარმომადგენლების იმპორტიორებთან, ბროკერებთან, დისტრიბუტორებთან და სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრას უზრუნველყოფდა.

სამდღიანი გამოფენის განმავლობაში თითოეულმა კომპანიამ 50-მდე შეხვედრა გამართა ისეთ კომპანიებთან და ბროკერებთან, როგორებიცაა - Walmart’s, Sam,s Club, Trade Jo’s, the TJX Companies, Fine Foods, Costco Wholesale, Whole Foods. "მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი გამოფენების ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტო ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოში უმსხვილესი ქსელების წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები გამართონ", - ნათქვამია განცხადებაში.