„რაც ეს არეულობა დაიწყო, ნულოვანია რუსული ჯავშნები“,- ამის შესახებ ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად თბილისის სასტუმროებს გაუჭირდა, რეგიონებში კი, ჯავშნები ევროპელებისგან ახლაც შემოდის.
„თბილისს უფრო გაუჭირდა, განსაკუთრებით იმ სასტუმროებს, რომლებიც ცენტრალურ ქუჩებზეა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ განცხადებას [პრემიერ მინისტრის თქმით, 2028 წლამდე ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკების გახსნა არ მოხდება, არც ევროკავშირის დაფინანსებას მიიღებს ქვეყანა] და პროტესტს შორის სულ რამდენიმე საათიანი სხვაობა იყო, მე ვფიქრობ, ამის შედეგები (განცხადების) ვერანაირად ვერ აგვესახებოდა ტურიზმში ასე სწრაფად.
ისე კი, არჩევნების შემდეგ პერიოდს საერთოდ არ შეუშლია ხელი ჩვენთვის. ახლაც 3 ჯავშანი შემოვიდა, არცერთი არ იყო რუსეთიდან. ერთი დუბაიდან იყო, 2 ევროპული ქვეყნებიდან. ამიტომ, რომ ვთქვა, ევროპა ჩაგვეხსნა და ჩვენთან არ ჯავშნიან-მეთქი, ჩემ შემთხვევაში ასე არ არის. ძალიან მარტივია ამის გადამოწმებაც, “ბუქინგის“ ონლაინ პლატფორმებია და ყველაფერი რეალურად ჩანს, შეფასებებს რომელი ქვეყანა აკეთებს და ა.შ. პირიქით, რაც ეს არეულობა დაიწყო ნულოვანია რუსული ჯავშნები“,- ამბობს მაია მურაჩაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გაიფიცა სკოლებისა და უნივერსიტეტების ნაწილი. ამის მიზეზი პრემიერ მინისტრის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.
იქამდე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკომისიას, რომ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა პაპუაშვილს და კახა კალაძეს. ამასთან, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ. მისივე თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.