ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა სამსახური დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ დაწერა.
მისი თქმით, არ ეთანხმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს მხრიდან დღის წესრიგში აღარ დადგება.
„დღეიდან ჩემი აქტივობები აღარ ასოცირდება ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან. ორგანიზაცია, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია და რომლის წარმატება ჩემთვის, როგორც ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორისთვის, პერსონალური წარმატება იყო, ხოლო წარუმატებლობა - პერსონალური წარუმატებლობა, ამიერიდან, ჩემ გარეშე გააგრძელებს საქმიანობას.
ნებისმიერი ჩემი ნაბიჯი, ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული, იყო მკაფიო რწმენით განპირობებული - ჩვენი საქმიანობით ჩვენ ხელს ვუწყობდით ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას და ეს წინსვლა კი აუცილებლად და უპირობოდ გადიოდა ევროინტეგრაციის გზაზე. არც ერთი წამით, ამ გზაზე ეჭვი არ შეგვპარვია ჩვენი მოქმედების სისწორეში, ეს იციან ჩვენმა წევრებმა, ეს იციან ჩვენმა პარტნიორებმა, დონორებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც თუნდაც ერთ შეხვედრაზე, ერთ ტრენინგზე ყოფილან ასოციაციაში. ყველა ნაბიჯი ემყარებოდა სწორედ ამ რწმენას.
მე ვთვლი, რომ ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერება ქვეყნის ეკონომიკას განუზომლად დააზარალებს. მადლობას ვუხდი ყველა წევრს და პარტნიორს თანამშრომლობისათვის. მივდივარ სახლში“, - წერს ანა საბახტარიშვილი.