ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის მესამე, საბოლოო პროექტი წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის ასიგნებების მოცულობა 27.941 მილიარდ ლარამდე იზრდება. აქედან საბიუჯეტო სახსრები შეადგენს - 26.655 მლრდ ლარს, გრანტები - 59.909 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1.225 მლრდ ლარს.
აღსანიშნავია, რომ გაისად, როგორც მიმდინარე წელს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსება იზრდება და 8.820 მლრდ ლარი ხდება.
ცნობისთვის, მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის მესამე გადამუშავებული ვერსია კვირის დასაწყისში წარუდგინა. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 25.3 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 25,5%-ია; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 35,9%-ის ფარგლებშია.
ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 32.4 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1.2 მლრდ ლარით და გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში აისახა იმ მიმართულებების დამატებითი დაფინანსება, რაც გაწერილია სამთავრობო პროგრამაში „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ“. - აღნიშნულია დოკუმენტში.