უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც საქართველოს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას სანქციებს უწესებს.
ამის შესახებ ზელენსკის თავის ბოლო მიმართვაში განაცხადა.
კერძოდ, უკრაინამ სანქციები ივანიშვილისა და მისი გუნდის 18 წევრის წინააღმდეგ დააწესა, რომლებიც, პრეზიდენტის თქმით, “საქართველოს და ხალხის ინტერესებს ყიდის.”
„მე ახლახან ხელი მოვაწერე ბრძანებულებას, რომლითაც სანქციების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის. ეს არის სანქციები ხელისუფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ამჟამად საქართველოშია და ქვეყანას პუტინს აბარებს,” - აცხადებს ზელენსკი.
პრეზიდენტი მოუწოდებს აშშ-ს, ევროპასა და მსოფლიო ლიდერებს, ამ საკითხთან დაკავშირებით “ერთად და პრინციპულად იმოქმედონ,” რადგან თუ რეაგირება დროული არ იქნება ან ისინი უპრინციპოდ იმოქმედებენ, მაშინ ათწლეულები დაიკარგება და ქვეყნები თავისუფლებას დაკარგავენ.
„ამ რეგიონში არავის დაკარგვა არ შეიძლება, არც საქართველოს, არც მოლდოვასი და არც უკრაინის,“ - აცხადებს ზელენსკი
მან ამ ქვეყნების მოსახლეობას მოუწოდა, რომ მოსკოვისგან თავი ერთად დაიცვან.
ვინ მოხვდა ივანიშვილის გარდა სანქცირებულთა სიაში, მოგვიანებით გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც კიევი ოფიციალურ დოკუმენტს გამოაქვეყნებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ