"რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში" ახალი პროდუქციის წარმოების პრეზენტაცია გაიმართა

"ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში" შემავალ სს "რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში", დღეს ახალი პროდუქციის წარმოების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ჰოლდინგის ხელმძღვანელ პირებთან, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ქალაქისა და მხარის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, "ვაგონმშენებელთა ჰოლდინგმა" მორიგ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. ჰოლდინგში შემავალმა სს ,,რუსთავის მეტალურგიულმა კომბინატმა" ვაგონის მძიმე და საშუალო ზომის სხმული დეტალების წარმოების საერთაშორისო ლიცენზია მოიპოვა. საერთაშორისო ექსპერტებისა და სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა მაღალი შეფასება მისცა "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" მიერ საქართველოში საცდელად წარმოებულ ვაგონის ყველაზე ძვირადღირებულ დეტალებს, რითაც პროდუქციის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა გაჩნდა.

"ლიცენზირების მოპოვება მართლაც უპრეცენდენტო მოვლენაა საქართველოს მასშტაბის მქონე ქვეყნისათვის და ჩვენი ქალაქისათვის. პოსტ-საბჭოთა სივრცეში აღნიშნული პროდუქციის წარმოების უფლება აქამდე მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას ჰქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ საწარმოს ახალი დატვირთვით ამუშავებამ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის რეალური პერსპექტივა გააჩინა რუსთავში," - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

"რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" მიერ წარმოებული პროდუქციით "ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში" შემავალი "ვაგონმშენებელი კომპანიაც" შეღავათს მიიღებს და შეამცირებს ვაგონის მშენებლობისა და მათი შეკეთების ღირებულებას, რაც თავის მხრივ, საერთაშორისო დონეზე საქართველოში წარმოებული მზა პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.