აფხაზეთის ენერგეტიკის სექტორში შესაძლოა, საგანგებო რეჟიმი დაწესდეს

დე ფაქტო პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ აფხაზეთში ენერგეტიკულ ვითარებას საგანგებო უწოდა.

ამის შესახებ ბგანბამ დე ფაქტო მთავრობის წევრების, უსაფრთხოების თანამშრომლებისა და ენერგეტიკის მუშაკების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რასაც TASS ავრცელებს.

მისი ცნობით, „ენგურჰესის კაშხალში დონემ ავარიულ დონეს მიაღწია. წყლის შედინება დაბალია და წამში მხოლოდ 40 კუბური მეტრს შეადგენს, ამიტომ ენგურჰესი შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაჩერდეს.” კერძოდ, „ჩერნომორენერგოს“ მონაცემებით, ამ დროისთვის კაშხალში წყალი ზღვის დონიდან 410 მეტრზე ნაკლებია, რაც კრიტიკულზე დაბალი დონეა.

ბგანბა ამბობს, რომ დე ფაქტო მთავრობა იძულებულია, “დენის გათიშვის მოძრავი გარფიკი და ელექტროენერგიის ნაკადის შეძენა გაზარდოს.”

„ენგურჰესის" კაშხალში წყლის დონემ ავარიულ დონეს მიაღწია".

ელექტროენერგიის დეფიციტის გამო აფხაზეთი 1-ლი ნოემბრიდან ნაკადს რუსეთიდან ყიდულობს, რისთვისაც თანხა ამოეწურა, ამიტომ დე ფაქტო მთავრობა საფასურის გადასახდელად ყველა გადახდას, მათ შორის, ბიზნესხარჯებსა და მიზნობრივ პროგრამებს აჩერებს. კერძოდ, აფხაზეთმა 28 ნოემბერს რუსეთში 80 მლნ რუბლი გადარიცხა, რაც ნაკადის მიწოდებას მხოლოდ 5 დეკემბრამდე უზრუნველყოფს. ამჟამად აფხაზურ მხარეს რუსული დენის შემდეგი გადასახადისთვის ფული აღარ დარჩა და სახსრების სერიოზული ძიების პროცესში.

ასევე, მთელ ტერიტორიაზე ჯერჯერობით დენის გათიშვის ოთხსაათიანი გრაფიკი მოქმედებს. კერძოდ, მოსახლეობას მიწოდება დღისით და ღამით ორ-ორი საათით ეზღუდება.

ვალერი ბგანბას ცნობით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება, 2016 წელთან შედარებით, 1 მლრდ კვტ/სთ-ით გაიზარდა, რაც კრიპტოვალუტის მაინინგთან არაეფექტური ბრძოლის შედეგია.

კერძოდ, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დე ფაქტო სამინისტროს მონაცემებით, კრიპტომაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია დღეში, დაახლოებით, 40,5 მეგავატს შეადგენს, რაც, დაახლოებით, 1 მლნ კვტ/სთ-ის, ანუ 5 მლნ რუბლის (48,3 ათასი დოლარის) ეკვივალნეტია. ეს არსებული დეფიციტის 60%-ია. ზოგადად, აფხაზეთში დენის უკანონო მოხმარებაში კრიპტოვალუტის მაინინგის წილი 97-98%-ია.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს აფხაზეთში 1,097 ერთეული მაინინგ-მოწყობილობა იქნა ამოღებული.

ცნობისთვის: მიმდინარე სეზონზე აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება, ზაფხულის დროინდელ 4 მლნ კვტ/სთ-თან შედარებით, ორჯერ მეტს, ანუ 8 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. აფხაზეთში ახალ წლამდე მოსახლეობისთვის 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის 4 რუბლად (0.03 დოლარად) მისაწოდებლად ყოველდღიურად 15 მლნ რუბლის (მინიმუმ, 142,000 დოლარის) გადახდა არის საჭირო. დენის გადასახადს სულ უფრო ნაკლები ადამიანი, ხოლო ე.წ. იურიდიული პირების მხოლოდ 70% იხდის. აფხაზეთში ელექტროენერგიის ამჟამინდელი დეფიციტი 260 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს, საიდანაც 60 მლნ კვტ/სთ რუსეთიდან კომერციული ნაკადით 1-ლი ნოემბრიდან შეივსო, ხოლო დარჩენილი 120 მლნ.კვტ/სთ დეკემბერში უნდა დაიფაროს. „ჩერნომორენერგოსა“ და რუსულ Inter RAO-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, აფხაზეთი რუსეთისგან 1 კვტ/სთ ელექტროენერგიას 4 რუბლად (0.03 დოლარად) ყიდულობს, მაშინ, როცა თავად აფხაზეთში 1 კვტ/სთ-ის ღირებულება, საშუალოდ, 2 რუბლზე (0.01 დოლარზე) ნაკლებია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ