უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ასევე მისი გარემოცვა დაასანქცირა. განკარგულების მიხედვით, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა, სანქციები შეეხება ივანიშვილისა და მისი გუნდის 18 წევრს, რომლებიც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "საქართველოს და ხალხის ინტერესებს ყიდის”.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, მამუკა მდინარაძე, ვახტანგ გომელაური, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ქარსელაძე და კახა ბექაური.
როგორც რადას ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, აღნიშნულ პირებს შეზღუდვები უწესდებათ დაახლოებით 18 მიმართულებით, რომელთა შორის არის აქტივების ბლოკირება, ფრენების აკრძალვა, აქტივების ქვეყნიდან გატანის შეზღუდვა, ფინანსური ვალდებულებების შეჩერება და ა.შ.
პრეზიდენტი მოუწოდებს აშშ-ს, ევროპასა და მსოფლიო ლიდერებს, ამ საკითხთან დაკავშირებით “ერთად და პრინციპულად იმოქმედონ,” რადგან, თუ რეაგირება დროული არ იქნება ან ისინი უპრინციპოდ იმოქმედებენ, მაშინ ათწლეულები დაიკარგება და ქვეყნები თავისუფლებას დაკარგავენ.
„ამ რეგიონში არავის დაკარგვა არ შეიძლება, არც საქართველოს, არც მოლდოვასი და არც უკრაინის,“ - აცხადებს ზელენსკი, რომელმაც ამ ქვეყნების მოსახლეობას მოუწოდა, რომ მოსკოვისგან თავი ერთად დაიცვან.