ლისაბონში ტურისტული აპარტამენტების გაუქმების საკითხზე შესაძლოა, რეფერენდუმი გაიმართოს

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის მცხოვრებლები საცხოვრებლის მოკლევადიანი გაქირავების აკრძალვის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ, რაც შესაძლოა, მომავალ წელს გაიმართოს.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კერძოდ, ლისაბონის მუნიციპალურმა კრებამ 3 დეკემბერს დაამტკიცა წინადადება ამ საკითხზე ადგილობრივი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

Confidencial Imobiliario-ს საბინაო საკითხთა სპეციალისტების მონაცემებით, ლისაბონში საცხოვრებლის ფასები ბოლო ათწლეულის განმავლობაში 200%-ით გაიზარდა.

2015 წლიდან, როცა ტურიზმის ბუმი იწყებოდა, ლისაბონში უამრავი ახალი სასტუმრო და ჰოსტელ-აპარტამენტი გაჩნდა, რამაც ქალაქის ეკონომიკის ზრდას ხელი შეუწყო. თუმცა პარალელურად საბინაო ბაზარი შემცირდა და როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის სხვა ქალაქებში მოსახლეობის პროტესტი გაჩნდა.

რეფერენდუმი შესაძლოა, პრეცედენტი გახდეს ევროპის სხვა ქალაქებისთვის, რომლებიც ანალოგიური პრობლემების წინაშე დგანან.

ამჯერად კენჭისყრაზე გასატანად საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც რეფერენდუმი შესაძლოა, მომავალ გაზაფხულზე ჩატარდეს.

ეს იქნება პირველი ადგილობრივი კენჭისყრა ლისაბონში, რომელიც სახალხო ინიციატივით ტარდება. შედეგად შესაძლოა, ლისაბონში ტურისტული აპარტამენტების ექვსი თვით გაუქმების დადგენილება აღსრულდეს. ასევე, მეიჯარეებს სამომავლოდ საცხოვრებელ ბინებში ტურისტული აპარტამენტების გახსნა აეკრძალოთ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ