იპოდრომის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაჩეხვის შეწყვეტის მოთხოვნით თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა.
აქცია ორგანიზებული იყო ლაშა ჩხარტიშვილის მიერ და მასში მონაწილეობა გარემოსდამცველებმა, ექიმებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჩხარტიშვილმა აქციაზე აირწინაღი მიიტანა და განაცხადა, რომ მალე თბილისელებს ჰაერის დაბინძურების გამო აირწინაღებით მოუწევთ სიარული.
მისი განცხადებით, ნადგურდება იპოდრომის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა, 50-წლიანი ხეები, რომლებიც თბილისელების ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანია.
ჩხარტიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს გიორგი უდესიანი და ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა აწარმოებენ მშენებლობას, რის გამოც ანადგურებენ ხეებს.
გარემოსდამცველების და ექიმების განცხადებით, მწვანე ნარგავების განადგურება მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. აქციის მონაწილეებმა მერიაში განცხადება შეიტანეს და ხეების გაჩეხვის შეწყვეტა მოითხოვეს.
აქციას გამოეხმაურა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსია გიორგი ქორქაშვილი. მისი თქმით, იპოდრომის ტერიტორიაზე რამდენიმე ხმელი ხე მოჭრეს, თუმცა 60-მდე ნარგავიც გადაირგო.
~შესაბამისად, ის ინფორმაცია, თითქოს ჯანმრთელი ხეები მოიჭრა, სიმართლეს არ შეესაბამება~,-განაცხადა ქორქაშვილმა.