"ყაზტრანსგაზ თბილისში" ახალი სპეციალური მმართველი დაინიშნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღევანდელ საჯარო სხდომაზე "თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ" კომისიის 2009 წლის 16 მარტის N3/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა.

კომისიის ინფორმაციით, კერძოდ, 2015 წლის 3 ივლისს შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" სპეციალურმა მმართველმა, გია ბენაშვილმა განცხადებით მიმართა კომისიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. კომისიამ აღნიშნული საკითხი 7 ივლისის სხდომაზე განიხილა და მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამავე სხდომაზე, 2016 წლის პირველ იანვრამდე შპს "ყაზტრანსგაზ თბილისში" ახალ სპეციალურ მმართველად ნინო თურმანიძე დანიშნა, რომელიც მანამდე შპს "ყაზტრანსგაზ თბილისში" ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა.