„აშშ-სთან ურთიერთობების გამწვავებამ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გამოიწვიოს, რაც ავტოიმპორტზე იმოქმედებს“

„აშშ-სთან ურთიერთობების გამწვავებამ შეიძლება, გამოიწვიოს გარკვეული სახის სანქციები, შეზღუდვები, სავაჭრო ურთიერთობების გადახედვა, რაც იმოქმედებს ავტოიმპორტზე“,- ამის შესახებ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, სექტორი მხოლოდ მიესალმება უფრო მჭიდრო ურთიერთობას როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან, რადგან როგორც ალექსი ნონიაძე ამბობს, მათთან სიახლოვე უფრო მომგებიანია ქვეყნის ბიზნესისთვის, ვიდრე კავშირების გაწყვეტა.

„ვერც საქართველოს ეკონომიკა და ვერც ქვეყანაში მოქმედი ბიზნესები ამ გადაწყვეტილებით [ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადება, ევროკავშირიდან დაფინანსებაზე უარის თქმა] ვერ იხეირებს. იმიტომ, რომ ჩვენ საპასუხო რეაქციაც მოვისმინეთ ევროკავშირის, აშშ -ის მთავრობის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს აზიანებს ბიზნესს და პარტნიორულ ურთიერთობებს. პირველი, ის რომ თუ ევროკავშირიდან თანხები და დახმარებები არ შემოვა, ირიბად ჩვენს ბიზნესზეც აისახება. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ის დახმარება, რაც შემოდის დახმარების სახით მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას ზრდის, შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ ეს შიდა ბაზარზე, იმოქმედებს.

გარდა ამისა, აშშ-ისთან ურთიერთობების გამწვავებამ (რაც უშუალოდ ჩვენ ბიზნესთან არის დაკავშირებული), შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სახის სანქციები, შეზღუდვები, სავაჭრო ურთიერთობების გადახედვა, რაც იმოქმედებს ავტოიმპორტზე. ეკონომიკაში ყველა საკითხი ჯაჭვურად არის გადაბმული, შეიძლება რაიმე გადაწყვეტილებამ ასე პირდაპირ არ იმოქმედოს ავტობიზნესზე, მაგრამ სხვა სექტორებზე მოახდინოს გავლენა და მისი განვითარების ტემპების ვარდნამ, ავტომატურად იმოქმედოს ავტოიმპორტზეც.

არ ვიცით, როგორ იმოქმედებს აშშ-ის მთავრობა, რა გადაწყვეტილებას და სანქციებს მიიღებს, მაგრამ ეს უშუალოდ აისახება ჩვენ ბიზნესზე. იმიტომ, რომ ავტომობილების 80% მაინც ამერიკული ბაზრიდან შემოდის, რაც განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე რეექსპორტისთვის.

ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა იყოს როგორც აშშ-ისთან ისე ევროკავშირთან, მათთან სიახლოვე უფრო მომგებიანია ჩვენი ბიზნესისთვის, ვიდრე კავშირების გაწყვეტა.

იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცოტა დროა გასული განცხადებიდან, ასე მყისიერად ჩვენს ბიზნესზე არ ასახულა, მაგრამ შეიძლება, საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ალბათ, შედეგებსაც ვიხილავთ“,- ამბობს ალექსი ნონიაძე.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გაიფიცა სკოლებისა და უნივერსიტეტების ნაწილი. ამის მიზეზი პრემიერ მინისტრის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.

იქამდე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკომისიას, რომ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა პაპუაშვილს და კახა კალაძეს. ამასთან, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ. მისივე თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.

ნინი ქეთელაური