სუპერთასის ბილეთების გაყიდვისას სალაროები სავარაუდოდ, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ

სუპერთასის ბილეთების ფასი უცვლელი რჩება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ბილეთის ფასი კატეგორიების მიხედვით 18, 35 და 75 ლარი იქნება.

მისივე განმარტებით, ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. როგორც სიჭინავამ აღნიშნა, სალაროები სავარაუდოდ, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ. მისივე ინფორმაციით, სალაროები სრულად ხუთშაბათს აღიჭურვება - განთავსდება სარეკლამო ბანერები, დაიდგმება 12 პრინტერი, 12 კომპიუტერი და იქნება 12 მოლარე. გარდა ამისა, სფფ-ს პრეზიდენტის განცხადებით, გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების შემადგენლობით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სალაროებში გადატანამდე ჩაიბარებს ბილეთების რაოდენობას.

"სანამ ბილეთებს არ გადავიტანთ სალაროებში, კომისიის წევრები იქნებიან ბილეთებთან. ასევე ვამონტაჟებთ კამერებს, რათა შემდგომში არ იყოს საუბრები, რომ ვინმეს ბიძაშვილთან ან მამიდაშვილთან მიაქვს ბილეთები", - განაცხადა სიჭინავამ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან ჟურანალისტები დაინტერესდნენ თუ როგორ იმოქმედა წარმოქმნილი პრობლემების მიმართ სამთავრობო კომისიამ და იყო თუ არა პრობლემების გამო კომისიის შეკრების აუცილებლობა, რაზეც სიჭინავამ განაცხადა, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილა. მისივე თქმით, კომისია დღეს იკრიბება და შესაბამისად, ამის საჭიროება დღეს არის.