2024 წლის ოქტომბერში წლიურად მშენებლობა 6.8 პროცენტით გაძვირდა, თვის განმავლობაში კი ზრდამ 0.8 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
„2024 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.4 პროცენტიანი მატებით, რამაც 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 31.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.2 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 5.07 და 1.96 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 20.1 პროცენტით“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.